ლალუ ძაგანია კიდევ ერთი წარმატებული ქართველია აშშ-ში, რომელიც იმ ქართველ პროფესიონალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც უცხო მიწაზე საკუთარი შრომით, თავდადებითა და რწმენით დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ვიზაჟისტის კარიერა მისთვის შემთხვევით დაიწყო, თუმცა ძალიან მალე იქცა მოწოდებად, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიც გაუკვალა გზა წარმატებისკენ. ემიგრაციის სირთულეების მიუხედავად, ლალუმ მიზანს არ უღალატა და დღეს ის პირველი ქართველი ვიზაჟისტია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ კოსმეტიკურ ბრენდ Sephora-ს საერთაშორისო გუნდში მუშაობს.

–ლალუ, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევი, როგორ დაიწყეთ ვიზაჟისტის კარიერა? როდის მიხვდით, რომ ეს იყო თქვენი მოწოდება?
-ცოტა უცნაური ისტორიაა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, მყავდა მოსწავლეები და ძალიან მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი, ბავშვებთან ურთიერთობაც კარგად გამომდიოდა, თუმცა შვილის შეძენის შემდგომ მცირედი პაუზა ავიღე, მას ვუთმობდი მთელ დროსა და ენერგიას, თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდებოდა, ვიზაჟისტების ვიდეოებს ვეცნობოდი და ვცდილობდი, მესწავლა მათგან, დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე რომ ჩემ მიერ გაკეთებული მაკიაჟი გარემოცვაში ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებდა და სწორედ ამიტომ, პროფესიონალური ცოდნის შესაძენად, გადავწყვიტე პატარა კურსის გავლაც. კურსის განმავლობაში კი უკვე მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც არასდროს მომბეზრდებოდა და ამ მიმართულებით 2023 წლამდე საქართველოში ძალიან წარმატებითაც ვმოღვაწეობდი.
–ცოტა ხნის წინ, პირველი ქართველი ვიზაჟისტი გახდი, რომელიც Sephora-ს საერთაშორისო გუნდს შემოუერთდა, მოგვიყევი, შენს პროფესიულ გზაზე, რომელმაც ამ წარმატებამდე მიგიყვანა.
-2023 წლის ზაფხულში, ოჯახთან ერთად დავტოვე საქართველო და აშშ-ში გადმოვედი საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციის სირთულეებიდან გამომდინარე, ბევრს ეპარებოდა ეჭვი, თავიდანვე ვიცოდი, რომ აქაც ჩემი პროფესიით მინდოდა მუშაობის გაგრძელება. როცა ამერიკაში ჩამოვედი, კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი აქაური სისტემის სირთულე, მაგრამ იმედი არასდროს დამიკარგავს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობდი ინფორმაციების მოძიებას, მაკიაჟის გარდა წამწამების დაგრძელებასაც ვაკეთებ და ამან ხელი შემიწყო ადგილობრივ მოსახლეობასთან მქონოდა კომუნიკაცია და კიდევ უფრო ბევრი რამ გამეგო მათი ცხოვრების სტილის შესახებ.
ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მუშაობა დავიწყე წამწამების ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში, სადაც ხელი შემიწყვეს აშშ-ის ლიცენზიის მოპოვებაში.
რაც შეეხება სეფორას, რამდენჯერაც აქ შევიდოდი, ვფიქრობდი თუ როგორ მინდოდა აქ მუშაობა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ეს ძალიან რთული იყო, ვაკანსიებიც თითქმის არ ქვეყნდებოდა ჩემთვის სასურველ პოზიციაზე. ერთ დღესაც, ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით დავბეჭდე ჩემი პროფესიონალური რეზიუმე და პირდაპირ მივიტანე სეფორაში. ჩემი მეუღლე რომ არა, ეს ნაბიჯი შეიძლება არც არასდროს გადამედგა, მოვითხოვე მენეჯერთან გასაუბრება და უბრალოდ ვთხოვე, რომ დაეტოვებინათ რეზიუმე. იმედი არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით 1 თვეში გასაუბრებაზე დამიბარეს, შემდეგ ტექნიკური ინტერვიუ გადავლახე, რათა პრაქტიკულად ენახათ ჩემი მუშაობის ხარისხი, ამის შემდეგ პატარა ტრენინგის გავლა გიწევს, რათა მუშაობის ტაქტიკა გაიგო, გაეცნო პროდუქტებს და ა.შ. ამ ეტაპზე ვარ სეფორას ვიზაჟისტი, რომლის მოვალეობაში მომხმარებლებისთვის მაკიაჟის გაკეთება და მათთვის პროდუქტების გაცნობა შედის. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ლალუ ძაგანია – პირველი ქართველი ვიზაჟისტი, რომელიც აშშ-ში Sephora-ს გუნდს შეუერთდა. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ლალუ-ძაგანია-პირველი-ქა/

