ზოგი ჭრილობა ჩვენს სხეულზე ნაიარევს ტოვებს, რომელიც მუდმივია. მის გასაქრობად ადამიანები ძვირად ღირებულ ლაზერულ მკურნალობას მიმართავენ ან სპეციალურ საცხებს იყენებენ. ამის მიუხედავად, ისინი კელოიდებს, ანუ კანიდან ამოწეულ ნაწიბურებს, ვერ შველის.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა მსგავსი შემთხვევებისთვის ექსპერიმენტული საცხი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, ასეთი ნაიარევებს დავემშვიდობოთ. მათ მიერ გამოცემა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული ადრეული შედეგები იმედის მომცემია.
საუბარია პრეპარატ PXS-6302-ზე, რომლის ფორმულაც ბიოსამედიცინო კომპანია Syntara-ში შეიმუშავეს. მათ დააფინანსეს მეცნიერთა კვლევაც, რომლის მიზანიც პროდუქტის ეფექტიანობის შესწავლა იყო.
ადგილობრივი გამოყენების ახალი საცხის დანიშნულება კელოიდური ნაწიბურების „ჩაცხრომაა”, რისთვისაც პრეპარატი ფერმენტ ლიზილ ოქსიდაზას თრგუნავს. ის კანის ქსოვილის შეხორცებაში მონაწილეობს და კოლაგენის სახელით ცნობილი ცილის ურთიერთშეკავშირებული სტრუქტურის წარმოქმნას უწყობს ხელს. სწორედ ამის შედეგად ფორმირდება ამოზნექილი ნაიარევები.
მკვლევრებმა პირველი ფაზის კლინიკური ცდა ჩაატარეს, რომელშიც ძველი ნაიარევის მქონე 50-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი რამდენიმე ჯგუფად დაყვეს, რომელთაგანაც ზოგს პლაცებო დაუნიშნეს, ზოგს კი — ექსპერიმენტული საცხი. ორივე მათგანს რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებდნენ.
ბოლოს ავტორებმა ცდის პირების კანზე მოლეკულურ დონეზე გამოჩენილი ცვლილებები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ კვირაში სამჯერ საცხის წასმამ (პლაცებოსთან შედარებით) პრობლემურ ზონაში ლიზილ ოქსიდაზას აქტიურობა 66-ით შეამცირა. ასევე, იკლო კოლაგენის ინდიკატორ ჰიდროქსიპროლინის დონემ და ცილის მთლიანმა შემცველობამაც.
ეს ნიშნავს, რომ საცხი ნაიარევებზე მართლაც ზემოქმედებს. თუკი სამომავლო კვლევებიც წარმატებული იქნება, შესაძლოა, ინოვაციური სამკურნალო საშუალება მივიღოთ, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi