ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს.
„მინდა, დღევანდელი სხდომა დავიწყო იმ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც ორი დღის წინ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. სამწუხაროდ, ავარიული კორპუსი ჩამოინგრა, მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.
მე არაერთი განმარტება გავაკეთე ამ ორი დღის განმავლობაში, თუმცა მანამდეც ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას. ავარიული შენობები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობას სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული და რა თქმა უნდა, საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას, ახლით ჩანაცვლებას. 2021 წელს დავპირდით ხალხს, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც მსგავს შენობებს ჩავანაცვლებდით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება, წარმოუდგენელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, რომ ისარგებლონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, რადგან მუნიციპალიტეტი თავდებში უდგება მათ და მაქსიმუმ ორ წელში ახალაშენებულ ბინებს ჩააბარებს.
„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
აქ უკვე საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე. სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ცრუ ინფორმაციებზე, რომელიც ბოლო დღეებში აღნიშნული ფაქტის გარშემო გავრცელდა და განმარტა, რომ კანონის მიხედვით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის დაწყება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება. აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi