ასეთი ტიპის გზავნილები არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა სათანადო პოლიტიკის შენარჩუნება.
„ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში. ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ, სათანადო პოლიტიკისა და წითელი ხაზების შენარჩუნება. ამას ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:
შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან; შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში; შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.
„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ, ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: „ასეთი ტიპის გზავნილები არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ასეთი-ტ/
