ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში და ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს უწყობენ დამხმარე ქალთან ერთად, რომლის მიმართ ნანუკა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს. ორი შვილის და ოჯახის პარალელურად, ის ახერხებს, თავისი საქმითაც იყოს დაკავებული და წარმატებული კარიერა შექმნას. ნანუკა მიიჩნევს, რომ მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახდნენ – „მეორე შვილი 40 წლისამ გავაჩინე და მინდა ვუთხრა ყველა ქალს, რომ სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარემოსგან აქვთ, როცა ეუბნებიან – ვაიმე, ოღონდ გათხოვდი და შვილი გააჩინე და მერე თუ გინდა გაშორდიო…“
ნანუკა, მიიღეთ ჩვენგან ცოტა დაგვიანებით მილოცვა მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით. გვითხარით, რა განსხვავება იგრძენით, როცა მეორე შვილის დედა გახდით?
ნანუკა გულუა:
უფრო მშვიდად ვარ და უფრო გამოცდილი ვარ, ვიცი, რის შემდეგ რა მოდის. პირველ შვილზე ისტერიკა მემართებოდა, როდესაც ტიროდა, იკუნაზე უკვე ვიცი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და მეც არ ვტირი მასთან ერთად. რაღაც რომ აწუხებს, შემიძლია, დავამშვიდო და აქეთ არ გავხდე დასაწყნარებელი…
თქვენი მეუღლე როგორ არის ჩართული ბავშვების მოვლაში?
როგორც მე შემიძლია გამოვუცვალო პამპერსი, დავიცვა ჰიგიენური ნორმები ბავშვთან დაკავშირებით, გავასეირნო, გავართო, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს კახამაც. ყველაფერშია ჩართული. ბავშვები გიჟდებიან მასზე. ჩვენი შვილები ორივე მშობელზე არიან დამოკიდებულები. ჩვენთან არ არის ის შემთხვევა, როცა დედა ყველაფერს აკეთებს და მამა წამოწოლილია. თუ კახა მთელი დღე სამსახურშია და დაღლილი მოდის, მაინც თავად უნდა, რომ ღამე ჩაერთოს ამ რუტინაში. თავად აქვს სურვილი, შვილებთან კონტაქტი ჰქონდეს… ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან მთელი ბავშვობა მამაჩემიც ზუსტად ასევე იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც ასეთივე ყოფილიყო…
მასალის გამოყენების პირობები