საქართველო პირველად უმასპინძლა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმის მე-9 გამოცემას. ღონისძიება 21-დან 24 სექტემბრამდე თბილისში მიმდინარეობს და მას ევროპისა და სხვა კონტინენტების ათობით ქვეყნის მაღალჩინოსანი სტუმრობს.
ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მიიღო მონაწილეობა. პანელის თემა იყო კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება ეფექტური მარეგულირებელი მექანიზმების გამოყენებით.
ნარმანიამ მსმენელებს გააცნო საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგია და დაგეგმილი ძირითადი პროექტები, ასევე ამ პროცესში სემეკის ფუნქცია და მარეგულირებელი პოლიტიკა.
იმავე პანელში სიტყვით გამოვიდნენ: იაპონიის ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის ზედამხედველობის კომისიის (EGC) თავმჯდომარე აკიჰიკო იოკოიამა, ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის (AEMC) თავმჯდომარე ანა კოლიერი და აშშ-ის ენერგეტიკის ფედერალური მარეგულირებელი კომისიის წევრი ლინდსი სიმ.
ფორუმს ორგანიზებას უწევს ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაცია (ICER), რომლის წევრებს შორის არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ამერიკის შეერთებული შტატების კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC) და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). ეს ფორუმი 2000 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება სხვადასხვა ქვეყანაში.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თბილისი მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს — სემეკის თავმჯდომარე საერთაშორისო დისკუსიაში. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისი-მსოფლიო-ენერგეტი/

