ჩემს ცხოვრებაში გაუპატიურების თემა რომ არ ყოფილიყო, ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი, – ამის შესახებ მოდელმა, თამო ვაშალომიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. მან ჟურნალის კითხვებს გულწრფელი პასუხები გასცა.
– ვინ არის თამო ვაშალომიძე?
თამო ვაშალომიძე: ახლანდელი თამო ვაშალომიძე, პირველ რიგში, დედაა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამპლუა და ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ კარგი დედა ვიყო. ვარ მეუღლე და იმედი მაქვს, რომ კარგი, თუ კერძების მომზადებით არ შემაფასებთ (იცინის). ვარ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, ჩემი მიზნებით.
– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი საოცნებო ცხოვრება მაქვს. მე ამაზე მეტი არასდროს მიოცნებია. რაც სოფია გაჩნდა, ჩემი საოცნებო ცხოვრებაც დაიწყო. როდესაც შვილები გყავს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგი შვილები მყავს, გამგებიანები და ჭკვიანები. დღეს, ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ზოგჯერ გულის სიღრმეში ვნერვიულობ, არ მინდა, რამე ცუდი მოხდეს. არ ვამბობ, რომ მე, ან საერთოდ ვინმე, იდეალურად ცხოვრობს, ყველა ურთიერთობაში არის პრობლემები, მათ შორის შვილებთან ურთიერთობაშიც, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს საწუწუნო. ჩემი უსაყვარლესი შვილების გამო ღირს ცხოვრება. მყავს ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარს, ერთმანეთზე ვზრუნავთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის საუკეთესო მამაა. ბავშვების აღზრდაში ძალიან არის ჩართული და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ოდესმე გიკეთებია საქმე, რომელიც სინამდვილეში გძულდა?
– მძულდა ცუდად ჟღერს, მაგრამ არა მგონია, ვინმეს უყვარდეს სხვის ოჯახში ტუალეტების ხეხვა. თუმცა, როცა საჭიროა, როცა ამით უნდა იარსებო, ამასაც აკეთებ. ხანდახან მითქვამს ვინმეზე ან რამეზე, რომ მძულს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ სიტყვებია, სიძულვილით მართლა არავინ და არაფერი მძულს. ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებით, მაგრამ დღესაც რომ დამჭირდეს სხვისი ტუალეტის ხეხვა, ამას გავაკეთებ.
– გულჩვილი ადამიანი ხარ?
– ბავშვობიდან გულჩვილი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. ამის გამო 33 წლის ასაკშიც ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვეტყვი ხოლმე ჩემს თავს: თამო, არ გაქვს უფლება, გულჩვილი იყო. მაგრამ ეს ხომ ადამიანის ბუნებაა, რომელიც ასე ადვილად არ იცვლება. თუმცა, იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა გული არ გატკინონ და შენით მანიპულირება ვერ მოახდინონ, ცდილობ, როგორღაც მართო საკუთარი ბუნება.
– რას გააკეთებდი, ლატარიაში რომ მილიონები მოიგო?
– არ მჯერა ლატარიაში რამის მოგების. ისეთი ბედი მაქვს, რომ ასეთი რამ თავშიც კი არ მომივა. არც არასდროს მიცდია ლატარიის ბილეთის ყიდვა და არ მიოცნებია მოგებაზე. საერთოდ, ბავშვობის შემდეგ არაფერზე მიოცნებია. როცა პატარა ვიყავი, მინდოდა, ცნობილი გავმხდარიყავი – ხან ვცეკვავდი და მოცეკვავეობა მინდოდა, ხან ვმღეროდი და მომღერლობაზე ვოცნებობდი, ჟურნალისტობა, მოდელობა – რა აღარ მინდოდა პოპულარობისთვის… დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ოცნება ამიხდა. როცა ეს მოხდა, ძალიან რეალისტი გავხდი. არ ვოცნებობ ისეთ რამეზე, რასაც ვერ გავაკეთებ. მხოლოდ მიზნები მაქვს.
– გინდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი იყო?
– რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს სურვილია და არა ოცნება. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ ბევრ ფაქტორზე ნამდვილად არის დამოკიდებული. ბევრი მუშაობა, საჭირო ადამიანები, უდიდესი ფინანსური რესურსი და შესაბამისი გარემო. მე ამ ეტაპზე 99 პროცენტით ჩემი შვილების აღზრდასა და განვითარებაზე ვზრუნავ და ვცდილობ, ჩემი კომპანია განვავითარო. არც იმდენი ფინანსები მაქვს, რამდენიც მსოფლიოში ცნობადობის მოსაპოვებლადაა საჭირო და არც საჭირო ხალხი მყავს. სამწუხაროდ, ქართული შოუ-ბიზნესი ცოტა ქედმაღალია. რომც გიცნობდნენ და რესურსიც ჰქონდეთ, საჭირო ადამიანთან დაგაკავშირონ, არა უფასოდ, არამედ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაინც ყველა თავს გარიდებს. ამიტომ უნდა წახვიდე უცხოეთში და იქ ეცადო მიზნის მიღწევას. რისი დროც მე ცხოვრების ამ ეტაპზე მართლა არ მაქვს. თუმცა, ჩემს თავთან დავდე პირობა, რომ ოდესმე ამას აუცილებლად შევძლებ.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც ნანობ?
– რაც არ უნდა იყოს, წარსულში ვერაფერს შეცვლი. შეცვლა რომ შეიძლებოდეს, გაუპატიურების თემას ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან, არ გავიცნობდი იმ ადამიანს, არ მივიღებდი იმ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რაც მივიღე. თუმცა, ეს რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვერ გავხდებოდი შინაგანად ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა ვარ. ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი.
რაც შემეხება მე, წმიდანი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმე დამეზიანებინა. სამწუხაროდ, საკუთარი თავი დამიზიანებია ჩემი ქცევებით.
– ოდესმე რამე მოგიპარავს?
– ბებოსთვის ფული მომიპარავს. კანფეტებს ვეძებდი, ფულს გადავაწყდი, მოვიპარე და მთელი ეზოსთვის ჩუპა-ჩუპსები ვიყიდე (იცინის).
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხარ?
– ძალიან ფეთქებადი და გიჟი ადამიანი ვარ. თუ ადამიანმა წყობიდან გამომიყვანა და „გავჭედე“, შემიძლია, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერი დავულეწო (იცინის). ამიტომ გარშემო ყველა ცდილობს, ნერვები არ მომიშალოს (იცინის). თუმცა სასტიკი არ ვარ.
ბოლო სამი თვეა, ჩემს თავზე აქტიურად ვმუშაობ. ვცდილობ, ემოციები შიგნით ჩავკლა და არ ვინერვიულო იმ ადამიანებზე, ვინც ჩემზე არ ფიქრობს, ვისაც არ აინტერესებს, მე რამე მეწყინება თუ მეტკინება. რაც უნდა ახლობელი იყოს, თუნდაც ჩემი ქმარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ. როცა ადამიანი თვითონ არ ფიქრობს შენზე, შენ რატომ უნდა ინერვიულო მასზე?! შეიძლება, ავღელდე და ნერვიულ ფონზე რამის დალეწვა მომინდეს, მაგრამ დავდგები სარკესთან და ჩემს თავს ვეუბნები, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ ემოციებისგან უნდა გავთავისუფლდე.
– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენია?
– აკა ისეთი სერიოზულია, სახალისო რა უნდა ყოფილიყო (იცინის). ჩემი ქმარი 26 წლის არის, ჩემზე 6 წლით პატარაა. რომ გავიცანი 21 წლის ახალი გამხდარი იყო, მაგრამ ისეთი დიდი შეხედულება ჰქონდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი მის ასაკს. პაემანზე ვარ, ყავას ვსვამ და მეუბნება, 21 წლის გავხდიო. ვუთხარი, არავის უთხრა, რომ გიცნობ და პაემანზე ვიყავით-მეთქი. დანაშაულის შეგრძნება მქონდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი, თამო, როგორ გაბედე ამ ასაკის ბიჭთან პაემანზე წასვლა-მეთქი (იცინის). მერე ვაკვირდებოდი, ხომ არ თამაშობდა. არადა, დღემდე ასეთია. თან, როგორია ამ საუკუნეში ამ ასაკის ადამიანს რომ „ინსტაგრამი“ არ აქვს. შოკში ვიყავი გაოცებისგან და გამოძიებას ვატარებდი მის შესახებ (იცინის).
სახალისო ამბავს რაც შეეხება, ერთხელ, მე და აკა დავშორდით. ვიცოდი, რომ აკას ოჯახი ცხოველებზე გიჟდება. ქუჩაში რომ ნახონ უპატრონოდ, ცუდად მყოფი, თავშესაფარში მიჰყავთ, ფულს უხდიან, რომ მზრუნველობა არ მოაკლონ და ასე შემდეგ. მე კი მყავს მეგობარი, რომელიც კატებს უვლის, მკურნალობს და მერე თავშესაფარში მიჰყავს და ამ დაშორების დროს, ვხედავ, რომ ამ ჩემს მეგობარს აკას მამა ჰყავს დამეგობრებული სოციალურ ქსელში. გავიგე, რომ თურმე, ისიც განსაკუთრებულად ზრუნავს ცხოველებზე და მთელი გეგმა შევადგინე (იცინის). ოქროყანაში ავადმყოფი კატა ვნახე, რომელსაც მოვლა–პატრონობა სჭირდებოდა და ჩემმა მეგობარმა აკას მამას დაურეკა, ასეთი სიტუაციაა, კატას მკურნალობა სჭირდება და იქნებ დაგვეხმაროთ, თამო ვაშალომიძეც ჩართულია ამ ამბავშიო. დღე-ნახევარი ვდიე ამ კატას, რომ დამეჭირა. ამასობაში დამჩხაპნა და აცრა დამჭირდა. ანუ, ხომ ხვდებით რამხელა მსხვერპლზე წავედი (იცინის). ერთ კვირაში, აკა მირეკავს და მეუბნება, შენ გგონია, ვერ მივხვდი, რატომ გააკეთე ეს ყველაფერიო?! ასე რომ, ტყუილად შემრჩა ეს ცოფზე აცრა, მაინც არაფერი გამოვიდა, ჩემმა გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო. მერე კიდევ ერთი გეგმა მქონდა მის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად: ალბათ, ბევრმა იცით ბებო, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე ბუშტებს ყიდის. აკა ხშირად დადიოდა ამ გზით „მაკდონალდსში“. ამიტომ, ამ ბებოს ყოველდღე ათ ლარს ვაძლევდი, რომ ინფორმაცია მოეწოდებინა ჩემთვის (იცინის). ხომ უნდა მცოდნოდა, იქნებ, ვინმე გოგო ჩაუჯდა მანქანაში (იცინის). სხვათა შორის, ერთმანეთი ამ ქალმა გაგვაცნო.
– ეს როგორ მოხდა?
– ერთხელ გვიან მომშივდა და ამ გზით „მაკდონალდსში“ წავედი საჭმელად. ჩემმა მომავალმა ქმარმა რომ დამინახა, მანქანით გამომეკიდა. ვინც მანქანით გამომეკიდება, ყველას ხომ არ გავუცინებ და ჩვეულებრივად გავაგრძელე ჩემი გზა. მივედი „მაკში“ და აკა თავის მანქანით უკან დამიდგა. მისიგნალებს, ჰგონია, რომ ფანჯარას ჩავუწევ, რა წარმოდგენა აქვს თავის თავზე, ხომ ხვდებით? (იცინის) მე რიგში ვდგავარ პატიოსნად, არანაირი რეაქცია არ მაქვს. იქვე დგას ეს ბებო ბუშტებით და აკა ეუბნება ჩემზე, უკანა კარი გამოუღე და გულის ფორმის ყველა ბუშტი ჩაუდეო. მოვიდა ეს ბებო, ბუშტები ჩამიწყო მანქანაში, ტელეფონი მომაწოდა და მეუბნება, ბებო, გეხვეწები, ეს ბიჭი სულ აქ დადის, კარგი ოჯახის შვილია და უარი არ მითხრა, შენი ნომერი დამიწერე და მერე თუ გინდა, დაბლოკე, ძალიან მთხოვაო. ასე მიიღო ჩემი ნომერი. ჩაიწერა ნომერი და მგონია, რომ დამირეკავს, მაგრამ ისე გავიდა ორი დღე, რომ საერთოდ არ მოვუკითხივარ (იცინის). მესამე დღიდან, ორ დღეში ერთხელ მირეკავდა და მკითხულობდა, ასეთი გეგმა ჰქონდა შემუშავებული (იცინის). მიჩვეული ვიყავი, რომ ბიჭები დღეში ასჯერ მწერდნენ და პირველ ეტაპზე ამ ტაქტიკით უფრო მომაწონა თავი, ინტერესი გამიჩინა (იცინის).
წყარო: თბილისელები
მასალის გამოყენების პირობები