სახელმწიფო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტს შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს გადასცემს:
- პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი),
- ვეტერანს;
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეს;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობას.
0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებულია ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება.
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 100 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პირი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს;
- პენსიონერი;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (შშმ ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი);
- ვეტერანი;
- გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 75 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს:
- პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქე;
- ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქე.
- 0-5 წლამდე ასაკის ბავშვი მედიკამენტების შეძენისას, წლიური ლიმიტის ფარგლებში, ღირებულების 50 %-ის დაფინანსებით ისარგებლებს. წლიური ლიმიტი 0 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 50 ლარს, ხოლო 0 – 5 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისათვის – 100 ლარს.
როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
პროგრამული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციარის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის მოდულში, სადაც ხდება პაციენტის პირადი ნომრით იდენტიფიცირება, შესაბამისი დაავადებათა ჯგუფის და დიაგნოზის არჩევის შემდეგ მედიკამენტის გამოწერა.
ქიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი აისახება სააფთიაქო ქსელში. ამის შემდგომ, პაციენტს შეუძლია გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი პროგრამაში ჩართული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელის ფილიალიდან. მედიკამენტის მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამაში ჩართული ფარმაცევტული დაწესებულებებია: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი
მასალის გამოყენების პირობები