„ვისაც სურს, ეწყინოს და გულზე მოხვდეს, მაგრამ ტკბილი სიცრუით თავის დამშვიდება დღეს დანაშაულია: ერი ავად არის, სიძულვილს დაუბრმავებია“ – ირაკლი ყიფიანი

ავტორი
6 წუთიანი წაკითხვა
„მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სულ უფრო აუტანელი ხდება იმის ყურება, თუ როგორ ვანგრევთ საკუთარი ხელით სახლს, რომელსაც სხვა სამშობლოთი ვერასოდეს ჩავანაცვლებთ“-ირაკლი ყიფიანი
პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს და ქართულ საზოგადოებას მიმართავს.
„ვისაც სურს, ეწყინოს და გულზე მოხვდეს, მაგრამ ტკბილი სიცრუით თავის დამშვიდება დღეს დანაშაულია: ერი ავად არის, სიძულვილს დაუბრმავებია.
საკმარისია საქვეყნოდ ერთი უბრალო ფიქრი ითქვას, რომ ადამიანები წამსვე ერთმანეთის დაგლეჯაზე გადადიან. გულებში დაგუბებული ღვარძლი მცირეოდენ საბაბს ელოდება, რათა გარეთ გამოიფრქვეს და თანამოძმე დაუძინებელ მტრად აქციოს. სრულიად არაფრის გამო, წვრილმანზე, გაუგებარ სიტყვასა თუ წარმოსახვაში შექმნილ ჩრდილზე იმეტებენ ერთმანეთს.
სადაც ბოღმა საერთო სამეტყველო ენად იქცევა, იქ გონიერება ქრება. დავკარგეთ მოსმენის ნიჭი, განსხვავებული აზრის ატანის ზნე და უმთავრესი: მოყვასის დანდობა. გაშმაგებულს თვალთ უბნელდება, საკუთარ სიავეს კი ჭეშმარიტების დაცვას არქმევს. რისხვით დამთვრალი კაცი ვერც მართალს არჩევს და ვერც მტყუანს. მისთვის ყოველი შემხვედრი სამიზნეა, ყოველი საუბარი კი ბრძოლის ველი, სადაც გამარჯვება მხოლოდ სხვისი დამცირებითა და გათელვით იზომება.
ასეთ ყოფაში განწირულია კაცი, რომელსაც სამშობლო ნამდვილად უყვარს, საკუთარი გონებით აზროვნებს და ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს არქმევს. თავისუფალი ადამიანი დღეს ყველას უხერხულობას უქმნის, რადგან გაშმაგებულ ბანაკებს მოაზროვნე მოქალაქე არ სჭირდებათ, მათ მხოლოდ ბრმა მორჩილები და უსიტყვო ტაშისმკვრელები ეიმედებათ.
ხელისუფლებას ნაკლზე მიუთითებ, მის შეცდომასა თუ გაუმაძღრობას ამხელ და წამსვე ეჭვის თვალით შემოგხედავენ. ნაცობას პირში ვერავინ მაკადრებს, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება და მრწამსი საპირისპიროზე მეტყველებს, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც მორიდებით გადაგიკრავენ, სადღაციდან ქარმა დაუბერა ეტყობაო, და შეპარვით ჩაგეკითხებიან, გვებრძვიო?
სხვა მხარეს მიბრუნდები, რომელიმე მეუფის შეუფერებელ საქციელსა თუ უადგილო სიტყვაზე ზრდილობიანად, მაგრამ პირდაპირ იტყვი სათქმელს და მისი კერპთაყვანისმცემლობამდე მისული მრევლი წამსვე ქოცად გამოგაცხადებს და ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებას დაგწამებს.
მერე იმავე ხელისუფლებას დაიცავ იქ, სადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცს, რაგინდ დიდი საყვედური და სამართლიანი უკმაყოფილება ჰქონდეს მის მიმართ, დუმილის უფლება უბრალოდ არ გააჩნია: როცა საქმე ცეცხლმოკიდებულ სამყაროში მშვიდობის შენარჩუნებას, ქვეყნის სხვის ომში ჩათრევისგან დახსნას, გარეშე ძალების წინაშე ეროვნული ღირსებისა და დამოუკიდებლობის გატანას, ანდა სამშობლოს სიმტკიცისა და წელში გამართვის გადარჩენას ეხება. არც დაგაცდიან წინადადების დასრულებას იმ დაჯგუფებების თავგამოდებული, გონებადაბინდული მხარდამჭერები, რომელთა სახელებს აქ შეგნებულად არ ვახსენებ, რადგან არავის სახელის გათქმით არ ვარ დაკავებული, და მყისიერად ლანძღვის ნიაღვარს დაგატეხენ თავს, კვლავ ივანიშვილისგან მოსყიდულად შეგრაცხავენ. ზოგნი სასოწარკვეთილი წინასწარმეტყველის იერით ქვეყნის თავზე დამხობას გვიქადიან, მოჩვენებითი გაკვირვებით იშვერენ თითს, ქოცებზე ერთი შენიშვნაც კი არ წამოსცდენიაო, და ყალბი მწუხარებით დასძენენ, თურმე ვერცხლი ყოფილა მეტისმეტად დაუნდობელი. სიბრმავე იმ ზომამდე მისულა, რომ არაერთხელ ნათქვამსა და დაწერილს განზრახ ივიწყებენ, რადგან სხვისი ვერცხლზე გაყიდულად გამოცხადება ყველაზე იოლი თავშესაფარია მათთვის, ვისაც საბუთი არ გააჩნია და აზროვნება ეზარება. გონებას არ იწუხებენ, პირდაპირ განაჩენს აკრავენ შუბლზე და თავი მართალი ჰგონიათ.
ორმხრივი სიბრმავე ყოველ ნაბიჯზე დაგდევს. წინაპართა ადათზე, სარწმუნოებასა და ეროვნულ ფესვებზე ჩამოაგდებ სიტყვას და უმალ ბნელად ან ჩრდილოეთის მსახურად მოგნათლავენ. კანონის უზენაესობაზე, ევროპულ სამართლიანობასა და თავისუფალ სასამართლოზე დაიძვრები და მეორე ბანაკიდან ყვირიან, უცხოთა დაკრულზე ცეკვავ და ქართველობას ებრძვიო. სხვის უბედურებას ადამიანურად გულთან მიიტან და წამსვე ანგარებიან გათვლას ეძებენ, ხოლო როცა განსაცდელის სანახაობად ქცევაზე უარს ამბობ, გულგრილობას გწამებენ. კეთილ საქმეს მოიწონებ და მლიქვნელი ხარ, მანკიერებას ამხელ და მოღალატე. არავინ კითხულობს, მართალია თუ არა ნათქვამი, ყველა მხოლოდ იმას ანგარიშობს, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს შენი სიტყვა.
დიდმა ფიოდორ დოსტოევსკიმ საუკუნე-ნახევრის წინ წინასწარმეტყველური სიცხადით აღწერა სულის ამგვარი დასნეულება თავის უკვდავ „ეშმაკნში“. მწერალმა შეულამაზებლად დაგვანახა, რა მოსდის ხალხს, როცა ადამიანთა გონებას ნახევრად მომწიფებული, ღვარძლით გაჟღენთილი წარმოდგენები ეპატრონება. გონებადაკარგული ბრბო ავი სულებით შეპყრობილ კოლტს ემსგავსება, რომელიც თვალდახუჭული მიექანება უფსკრულისკენ და გზად დაუფიქრებლად თელავს ყველას, ვინც მის საერთო ღრიალს არ უერთდება. დოსტოევსკის იმ ავბედით სამყაროში ჭეშმარიტებას არავინ დაეძებს, იქ უმთავრესი მხოლოდ ჯოგის ბრმა ერთგულებაა. დღეს ჩვენს თვალწინ სწორედ იმ წიგნის ფურცლები გაცოცხლებულა, ოღონდ ბევრად უფრო წვრილმანი, უგემოვნო და საბრალო სახით.
რატომ სწამს ყველას ასე დაჟინებით, რომ ყოველი სიტყვის უკან ვიღაცის ჯიბე, ბატონი ან ფარული ანგარება იმალება? პასუხი მარტივია და მწარე: ადამიანი სამყაროს საკუთარი სარკმლიდან უყურებს და სხვას საკუთარი სულის საზომით ზომავს. ხალხური სიბრძნე მჭრელი სიზუსტით ამბობს, როსკიპს ყველა როსკიპი ჰგონიაო.
იგივე სიმართლე ფილოსოფიური სიღრმით ახსნა არტურ შოპენჰაუერმა, როცა შენიშნა, რომ ადამიანს სხვაში მხოლოდ იმის დანახვა ძალუძს, რასაც საკუთარი სულის სიდიდე და შინაგანი სიმაღლე გასწვდება. ბრბოს ადამიანს თანდაყოლილი, ბნელი შიში და ზიზღი აქვს მარტო მდგომი, დამოუკიდებელი გონების მიმართ, რადგან თავისუფალი კაცის არსებობა მის საკუთარ მონობას აშიშვლებს. მოსყიდულს დაუჯერებლად ეჩვენება, რომ დედამიწაზე ვინმე არ იყიდება, მონად დაბადებულს კი ვერაფრით წარმოუდგენია ბატონის გარეშე ცხოვრება. სულგაყიდულთა ვიწრო გონებაში უბრალოდ ვერ ეტევა ფიქრი, რომ შეიძლება იდგე მარტო, არცერთ ბატონს არ ემსახურებოდე, არავის ხელიდან არ იკვებებოდე და მხოლოდ სინდისის, გონებისა და სამშობლოს სიყვარულის კარნახით ლაპარაკობდე.
მწარე სიმართლის პირში მიხლა ერის ლანძღვა როდია. წყლულს იმიტომ აშიშვლებენ, რომ სალბუნი დაედოს და განიკურნოს. პირფერობით დაფარული სენი მალულად ღრღნის სხეულს და საბოლოოდ ასამარებს. ჯანსაღი საზოგადოება საკუთარ მანკიერებას თვალს უსწორებს, დასნეულებული კი თავმოწონებით იტყუებს თავს და შიგნიდან იხრწნება.
სანამ სარკეში ჩახედვის ნაცვლად ერთმანეთის გაქელვაში ვხარჯავთ ძალას, გარეშე მტერს ხმლის ამოღებაც აღარ დასჭირდება. განაჩენს ჩვენივე ხელით ვწერთ და თან გვჯერა, რომ ქვეყანას ვიცავთ.“
ირაკლი ყიფიანი
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ვისაც სურს, ეწყინოს და გულზე მოხვდეს, მაგრამ ტკბილი სიცრუით თავის დამშვიდება დღეს დანაშაულია: ერი ავად არის, სიძულვილს დაუბრმავებია“ – ირაკლი ყიფიანი. 22 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვისაც-სურს-ეწყინოს-და-გუ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Engineer ( Kotlin + Node.js )

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T22:55:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi