ვარდი – დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ.
დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ. მართლაც შეუდარებელია ვარდი, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით. მსოფლიოში ცნობილია 400-მდე ჯიშის ველური ვარდი, ანუ ასკილი. საქართველოში 25 სახეობის ასკილია. რაც შეეხება კულტურული ვარდის ჯიშებს, 25 ათასი ჯიში და ფორმაა ცნობილი.
ვარდი მრავლდება ამონაყარით, დაკალმებით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით, უმეტესწილად გამრავლების ძირითადი ხერხია კვირტით მყნობა, რომელიც საქართველოში ტარდება ივნისიდან ოქტომბრამდე, ხოლო რგვა – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვარდის გასაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი თიხნარი, ქვიშნარი და თიხიანი ნიადაგები.
გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, არსებობს ვარდის ტექნიკურ-ეთერზეთოვანი ჯიშებიც, მაგალითად კაზანლიკური ვარდი, რომლისგანაც, გარდა ეთერზეთების მიღებისა, მურაბასაც ხარშავენ და არომატულ ლიქიორსაც ამზადებენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარდი ძირითადად კვირტით იმყნობა. საძირედ იყენებენ თესლით გამოყვანილ ასკილის ნერგებს. ორწლიან საძირეზე, ფესვის ყელთან, აკეთებენ ირიბ ჩანაჭერს, შიგ სვამენ კარგად მომწიფებული ერთწლიანი ყლორტიდან აჭრილ კვირტს და ზედ ახვევენ გამჭვირვალე პოლიეთილენის სახვევს; როცა კვირტი შეხორცდება, სახვევს ხსნიან.
როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი