ჟურნალში “გზა”#50 შემოგთავაზეთ თემა ინტერნეტსივრცეში გამეფებული სიძულვილის ენის შესახებ, ამჯერად კი ამ თემის მეორე ნაწილს გთავაზობთ. ვნახოთ, რა გამოცდილება აქვთ ამ მხრივ სოფო ბედიას, ნუკი კოშკელიშვილს და ელენე ფოჩხუას.
სოფო ბედია, მომღერალი:
– ნეგატიური კომენტარების ადრესატი არაერთხელ ვყოფილვარ. თითქმის ყველა ინტერვიუს, რომელიც ინტერნეტში იდება, ასეთი კომენტარები მოჰყვება ხოლმე. ახლა საერთოდ აღარ ვკითხულობ, მაგრამ კარიერის საწყის ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვუთმობდი. როდესაც ცნობილი ხარ, რა თქმა უნდა, გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი შენზე. ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, რომლებიც პოზიტივშიც კი რაღაც ცუდს ეძებენ. ეს პირველ რიგში, ცუდი მათთვის არის, მაგრამ ვერ იგებენ თუ არ უნდათ, გაიგონ, არ ვიცი. ჩემი ცხოვრების წესით არავისთვის არაფერი დამიშავებია. არც ჩემს კოლეგებს დაუშავებიათ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება და საქმე გვაქვს, მაგრამ დაუნდობლად გვერჩიან. რომელიმე ჩვენგანი ინტერვიუში რაიმეს გულწრფელად რომ ვიტყვით, მერე ნეგატივის ისეთი ტალღა მოდის, უბრალოდ გულსატკენია. ცუდია, რომ ამ ყველაფერმა ბოლო დროს მასობრივი სახე მიიღო და არა – მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი პირების ცხოვრებაში. ადამიანების დამოკიდებულებაზე გული მტკივა, შენკენ ყველაფერი კარგად თუ არის, არ უხარიათ, ცუდი თუ დაგემართება, ხარობენ ან გიცოდებენ. თავიანთ პოზიციას უცენზუროდ გამოხატავენ. შეიძლება ყველაფერი მეც არ მომწონს, მაგრამ ამას არასდროს დავწერ; კარგის შექება, აღნიშვნა, სიამოვნებას მანიჭებს.
– უმეტეს შემთხვევაში როგორ ხდებოდა, შენ როგორც პიროვნებას გეხებოდნენ თუ საქმიანობას?
– ეხებოდნენ ჩემს ოჯახს, განიხილავდნენ ჩემს პირად ცხოვრებას, გარეგნობას, საქმიანობას – ნაკლებად. არ დაუწერიათ, ვერ ან ცუდად მღერისო, მაგრამ არაერთხელ ზუსტად ასე დაწერეს; “ეს როგორ გამოიყურება”, “რა მახინჯია”, “ახლა რას დამსგავსებია”… ამ კომენტარებზე გულწრფელად გითხრა, მეცინება და ვხალისობ. მთავარია, თავად მომწონს ჩემი თავი. მადლობა ღმერთს, რომ ვარ ჯანმრთელი, წარმატებული, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის…
– ცუდი კომენტარის ავტორთან დაკავშირება, გარკვევა, რატომ ჰქონდა მას ასეთი დამოკიდებულება შენდამი, გიცდია?
– წლების წინ, როდესაც ფართო საზოგადოებას ახალი გაცნობილი ვყავდი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, სხვადასხვა ცუდი კომენტარის ავტორს მივწერე, – რა დაგიშავე? მე ჩემი ცხოვრება მაქვს და რა გინდა-მეთქი? დღეს ვფიქრობ, რომ დიდი სისულელე გავაკეთე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ალბათ ესეც გამოუცდელობის ბრალი იყო. სოციალურ ქსელებში ასეთი კომენტარების ავტორების გვერდები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ არიან შეუმდგარი პიროვნებები, თითქოს უბედური ადამიანის სახეები აქვთ და მისგან აღარაფერი არ უნდა გეწყინოს. დღეს ალბათ ადამიანი არ არსებობს, რაღაც სახის პრობლემა რომ არ ჰქონდეს. გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი გახლავართ. მჯერა, ადამიანის სიკვდილის გარდა, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყველაფერს ეშველება. ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ პრობლემა ხშირად ჭკუის სასწავლად, დასაფიქრებლად გვეგზავნება სამყაროსგან. ცუდი კომენტარების წერით არავის არაფერი მოუგვარდება, სულს უფრო თუ არ დაიმძიმებს. მერე იმის თქმას, რომ ტელეფონი ბავშვს ეჭირა და მას დაუწერიაო, სჯობს, ამ საქციელის ჩადენამდე დაფიქრდნენ.
– ასეთი შემთხვევაც გქონდა?
– ერთ-ერთი კომენტარის ავტორს ჩემმა გულშემატკივარმა მისწერა, სოფოზე ამას რატომ წერო? ჯერ პასუხი არ გასცა, მერე კი “ავტორობა” ბავშვს გადააბრალა.
– ოჯახის წევრებისთვის უფრო მტკივნეულია ეს ამბავი?
– რა თქმა უნდა, ახლობლები განიცდიან, ნერვიულობენ. პანდემიის დროს კლიპი “დარჩი სახლში” რომ ჩავწერეთ, მაშინ ისეთი კომენტარები წამოვიდა, მსგავსი მასშტაბის ნეგატივი ჩემს ცხოვრებაში მანამდე არ ყოფილა. ეს იყო ერთი თეთრის გარეშე, მეგობრულად გაკეთებული კლიპი, მოწოდება ხალხისადმი, რომ სახლებში დავრჩენილიყავით. იდეის ავტორი მე ვიყავი. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, გაგვემხნევებინა საზოგადოება, ამ ფორმით მოვიფიქრე მესიჯის გაგზავნა, რომ ერთად უნდა გაგვეძლო ყველაფრისთვის… ზოგმა ამ კლიპში პოლიტიკა დაინახა, რადგან სიტყვები “ოცნება” და “იმედი” იყო ნახსენები, ზოგმა სხვა კუდი გამოაბა. მაშინ ყველა სიმღერა უნდა ავკრძალოთ, სადაც სიტყვა “ოცნება” და ყოველი დღის იმედით დაწყებაა ნახსენები. ასე შეიძლება? ყველა სიტყვას გამოეკიდნენ. სამწუხაროდ, დღეს ხალხი ყველაფრის უფლებას აძლევს თავს. ვფიქრობ, რაღაც ფორმით ცენზურა უნდა დაწესდეს. არ შეიძლება, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო.
მასალის გამოყენების პირობები