დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ბოლო ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანელი პირი უკვე დაკავებულია.
****
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში;
12:05-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტიხონოვის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება ”.
****
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრად დავით ფაცაცია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
****
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.
****
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
****
საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს.
შეგახსენებთ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
****
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივანი, ლუკ ტრიანგლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრიანგლიმ მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პროფკავშირების წევრ დასაქმებულებთან, ქალთა და ახალგაზრდულ კომიტეტებთან და მედიისთვის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.
****
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, სამი დაცული ტერიტორიის – ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
****
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული.
„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული – ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ არსებობს და არ შეიძლება იყოს მშვიდობის ალტერნატივა, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უბრალიდ სხვა ეტაპზე გადაიყვანს.
****
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაც.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.
სააგენტოს ცნობით, აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტები წარმოადგენს აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. ვიზიტების ფარგლებში, სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.
****
საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, დიდი ბრიტანული უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისში ფრენებს მომავალი აპრილიდან დაიწყებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ასევე ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც შეასრულებს.
****
ევროპელმა მომხმარებლებმა ინდოეთისგან შეძენილი საარტილერიო ჭურვები უკრაინაში გაგზავნეს და მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი ამის შესაჩერებლად არ ჩარეულა,
წყაროებისა და საბაჟო მონაცემების მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
****
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკო განმარტავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
****
ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა ხუთივე პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება.
****
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 23 სექტემბერს თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისითქმით, ვაშინგტონში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ეს ვიზიტი პირველი იქნება.
****
2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet შემოდის.
ახალი ევროპული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით – ლონდონში, ჟენევასა და მილანში იფრენს.
easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს.
****
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 126.5%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 2 770 ერთეული ელექტრომობილი იყიდა , წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 223 ერთეული .
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველომ აშშ-ში შეიძინა.
****
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები. კერძოდ, 2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
****
საქართველოს მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 15 მილიონი ევროს ოდენობით სესხს იღებს. თანხა გამოყოფილია პროექტისთვის „მდგრადი ურბანული განვითარება – ურბანული მობილობა ბათუმში“.
გერმანიის მთავრობა გარდა 15 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხისა, დამატებით ერთ მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს.
პროექტი ითვალისწინებს ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო ინფრასტრუქტურის განვითარებაა და ავტობუსების სპეციალური სავალი ნაწილის გაუმჯობესება-გაფართოებას.
****
უნგრეთის დედაქალაქის მთავარი ტურისტული ზონის, ბუდაპეშტის მეექვსე ოლქის მცხოვრებლებმა რეფერენდუმზე მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვას დაუჭირეს მხარი.
კერძოდ, ადგილობრივი დონის რეფერენდუმზე გატანილი იყო საკითხი მეექვსე ოლქში პოპულარულ სერვის Airbnb-ის მეშვეობით 2026 წლიდან მოკლევადიანი გაქირავების აკრძალვის შესახებ, რასაც ხმების მცირე უპირატესობით ამომრჩეველთა 54% მიემხრო.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები