დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -„იცით თუ არა“ – ასე ჰქვია საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ დაიწყო. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების უფლება-მოვალეობებზე, საქართველოს რეგიონების და თბილისის შემოგარენის მცხოვრებლები უკეთ ინფორმირებულები იყვნენ.
„იცით თუ არა“ კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში კომპანიის სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერები და ვიდეოები გამოქვეყნდება.
****
მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს 15:00 საათზე საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
****
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია: „არა კრემლის დიქტატს“ გაიმართა.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება გააპროტესტეს, სადაც მან აღნიშნა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
როგორც აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „დაფიონის“ წევრები განმარტავენ, ივანიშვილის აღნიშნული განცხადება „საქართველოს და მისი გმირების შეურაცხყოფაა”.
****
ნუ გეშინიათ! უსაფრთხოდ და კარგად ვარ და არავინ დაშავებულა. მადლობა ღმერთს! – ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი წერს.
არ შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას, არასოდეს დავნებდები“, – აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
****
16 სექტემბერს, 14:00 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 22 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს და მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტრესო დეტალებს გააცნობს.
პრესკონფერენციაზე მოწვეულ პირებს შორის არიან: საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მისი მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებასა და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 35 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.
****
გერმანია სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს და თავისუფალი გადაადგილების ფართო ზონაზე, რომელიც ცნობილია როგორც შენგენის ზონა, შეზღუდვებს აწესებს, – ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, გერმანიის ამ ნაბიჯმა მის ევროპელ მეზობლებს შორის აღშფოთება გამოიწვია.
ცვლილებების გამოცხადებისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია აძლიერებს შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებებით და აგრძელებს მკაცრ პოზიციას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ.
****
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა.
მათივე ცნობით, თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა.
****
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ.
„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
****
მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, ასევე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
****
რიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს.
****
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში კვების პროგრამის დაწყების ვადებისა და ფორმატის შესახებ, რამდენიმე კვირაში, საარჩევნო კამპანიის წარდგენისას გახდება ცნობილი.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, პირველ ეტაპზე, კვების პროგრამაში ის სკოლები ჩაერთვებიან, სადაც ინფრასტრუქტურა ამისთვის მომზადებულია.
****
რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში 640-ზე მეტი დრონი გამოიყენეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური გახდეს.
****
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა.
****
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.
****
საქართველოში ნივრის იმპორტი 37%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 692 ათასი აშშ დოლარის ნიორი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 434 ათასი დოლარის ღირებულების.
იმპორტის მსგავსად შემცირებულია ქართული ნივრის ექსპორტიც.
*****
ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია უნგრეთში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი.
ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და და დღეს დასრულდება.
****
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტის რაოდენობა გაიზარდა, მათი მოცდის დრო კი შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე 29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე იყო გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირებული იყო ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, შესაბამისად, შედარებით გაზრდილი იყო ტრანსპორტის მოცდის დროც.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები