გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე ადვოკატი ნუცა თოფურია საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს სიფრთხილით მოეკიდონ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
ადვოკატის განმარტებით, 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
ნუცა თოფურია ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობას, თითქოს გურამ დადიანიძის ნეშტი იპოვეს. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოებამ იგი დადასტურებულ ფაქტად არ უნდა აღიქვას.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სახის დაუდასტურებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს გურამ დადიანიძის დედაზე, რომელიც წლებია შვილის შესახებ სიმართლის დადგენას ელოდება.
გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას და პატივი სცეთ დედის ემოციურ მდგომარეობას!“ – წერს ნუცა თოფურია.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი. 26 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გავრცელდა-ინფორმაცი/
