ესპანეთში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მშობლებმა 10 წლის ვაჟი ბარსელონას აეროპორტში მარტო დატოვეს, თავად კი სხვა შვილთან ერთად თვითმფრინავში ჩასხდნენ და გამგზავრებას აპირებდნენ. მიზეზი ბავშვის სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
შემთხვევა ივლისის ბოლოს, ბარსელონას ელ-პრატის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, ოჯახი დასასვენებლად მიემგზავრებოდა, თუმცა რეგისტრაციის დროს გაირკვა, რომ ბავშვის ესპანურ პასპორტს ვადა ჰქონდა გასული, ხოლო მეორე სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისთვის საჭირო ვიზა არ ჰქონდა.
ამის გამო 10 წლის ბიჭს თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. მშობლებმა კი, იმის ნაცვლად, რომ რეისზე უარი ეთქვათ და შვილთან დარჩენილიყვნენ, აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, გადაწყვიტეს, ბავშვი ტერმინალში დაეტოვებინათ და ნათესავისთვის დაერეკათ, რომელიც მოგვიანებით მის წასაყვანად მივიდოდა.
მომხდარის შესახებ აეროპორტის თანამშრომელმა, ლილიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. მისი თქმით, როდესაც ბავშვი მარტო შენიშნეს, შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ბიჭმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მშობლები უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და სამშობლოში დასასვენებლად მიფრინავდნენ.
„როგორ შეიძლება მშობლებმა 10 წლის შვილი ტერმინალში დატოვონ მხოლოდ იმიტომ, რომ მას მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვს? ნათესავს შეიძლება ნახევარი საათი, ერთი საათი ან სამი საათიც დასჭირდეს მისვლამდე, ისინი კი მშვიდად ადიან თვითმფრინავში და ბავშვს მარტო ტოვებენ“,- აღნიშნა აეროპორტის თანამშრომელმა.
მისი ინფორმაციით, პოლიციამ თვითმფრინავის პილოტს დაუკავშირდა. რეისის გამგზავრება შეაჩერეს, ოჯახის ბარგი თვითმფრინავიდან ჩამოიტანეს, ხოლო მშობლები და მათი მეორე შვილი სამართალდამცველებთან გადაიყვანეს. საბოლოოდ, ოჯახი იმავე აეროპორტში დატოვებულ ბიჭთან დააბრუნეს.
უცხოური მედიის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ბავშვის მიტოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინა. შემთხვევის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, მშობლების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც დაიწყო.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ბავშვი ტერმინალში დატოვეს – მშობლებმა 10 წლის შვილი აეროპორტში მარტო დატოვეს და თავად გაფრინდნენ – მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. 2 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბავშვი-ტერმინალში-დატოვე/
