ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა — დავით კაკაბაძის ფონდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა ამირ კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო წიგნი. გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მხატვრის 85 წლის დაბადების იუბილეს.
წიგნის პრეზენტაცია 26 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში — მარჯანიშვილის ქუჩა №7, მე-4 სართული. ღონისძიება ღიაა ყველასთვის და დასწრება უფასოა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: დავით კაკაბაძის ფონდის დირექტორი მარიამ კაკაბაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი და მხატვარი მანანა არაბული — სწორედ ისინი არიან კატალოგის შემქმნელი გუნდი: მარიამ კაკაბაძე რედაქტორის, ხათუნა ხაბულიანი ტექსტის ავტორის, ხოლო მანანა არაბული — ვიზუალური კონცეფციისა და დიზაინის ავტორის როლში.
ამირ კაკაბაძე (1941–2015) ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი დაიბადა ცნობილი ქართველი ხელოვანების — მხატვარ დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და შემდგომ სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა ფერწერისა და თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა თეატრსა და კინოში, აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში.
1965 წლიდან მხატვარი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო საგამოფენო პროექტებში. მისი ნამუშევრები — ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი და პოპ-არტი — დღეს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება.
საიუბილეო კატალოგი ერთ სივრცეში თავს უყრის მხატვრის შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვან ეტაპებს და ახალ თაობას კაკაბაძის ხელოვნებასთან გაცნობის საშუალებას აძლევს. თიბისი კონცეპტი კი ამ პროექტის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კულტურის განვითარებაში ჩართულობის კურსს.
Sheni Ambebi News
წყარო: on.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ამირ კაკაბაძის 85 წლის იუბილეზე — საიუბილეო კატალოგი და პრეზენტაცია თიბისი კონცეპტში. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ამირ-კაკაბაძის-85-წლის-იუბი/
