რა ხერხებს უნდა მიმართოთ დილიდან, რომ დღემ იღბლიანად ჩაიაროს

0
100

როგორ უნდა დაიწყოს დღე, რომ მან წარმატება მოგიტანოთ? – განწყობა მთელი დღისთვის იწყება დილით, გაღვიძებისთანავე და გარკვეული რიტუალების, მინიშნებებისა და აღთქმების დაცვით, ყველას შეუძლია, ის წარმატებული და პოზიტიური ჰქონდეს. თუ რა უნდა გააკეთოთ გაღვიძებისთანავე, სანამ სახლიდან გახვალთ, რომ მთელი დღე ბედი გიმართლებდეთ, ამაში გაგარკვევთ ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლეილა ვ.

– დილა დღის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ტყუილად კი არ ამბობენ, დილას როგორც დაიწყებ, მთელ დღესაც ისე გაატარებო. ამიტომ, დილიდანვე კარგი განწყობა რომ შეიქმნათ, შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი და ენერგიულობა, გაღვიძებიდან სახლიდან გასვლამდე გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. დავიწყოთ დილის რიტუალებით: როგორც კი გაიღვიძებთ, საწოლიდან მაშინვე კი არ უნდა წამოხტეთ და საქმეს ეცეთ, ჯერ შეიშმუშნეთ, გაიზმორეთ და ნელ-ნელა გაიწელეთ. ამოისუნთქეთ, სხეულის ყოველი უჯრედი შეიგრძენით და საკუთარ თავს კარგი დღე უსურვეთ. იფიქრეთ ნათესავ-ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებზე. გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ, ბევრს უყვარხართ და სჭირდებით. მოემზადეთ ნაყოფიერი და საინტერესო დღისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ადექით. არ გამოტოვოთ წყლის პროცედურები. ეს თქვენს ორგანიზმს მთელი დღით ენერგიით დამუხტავს. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და იცეკვეთ, ან ივარჯიშეთ. ისაუზმეთ ნელა, დალიეთ ჩაი ან ყავა. ისიამოვნეთ ყოველი ყლუპით! ჩაიხედეთ სარკეში და უთხარი თქვენს თავს, რომ ლამაზი ხართ. ამით თავადაც პოზიტიურად განეწყობით და დღეც სასიამოვნოდ ჩაივლის.

– და უკვე მზად ვართ?

– თანაც, სამყაროს დასაპყრობად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მინიშნებებიც, განსაკუთრებით იღბლისა და კეთილდღეობის მომტანი. მაგალითად: შორეული მოგზაურობის წინ, სახლიდან გასვლამდე აუცილებლად ჩამოჯექით, რათა გზა მარტივად და წარმატებით დაძლიოთ; თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან ხანგრძლივ მოგზაურობაში აპირებთ გამგზავრებას და რაიმე დაგრჩათ, მის წასაღებად უკან ნუ დაბრუნდებით, მაგრამ, თუ მაინც მოგიწიათ ამის გაკეთება, სახლიდან გასვლისას სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ ანარეკლს ენა გამოუყავით; თქვენი ან თქვენი ახლობლების შორეული მოგზაურობის, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ, არ მოწმინდოთ იატაკი – წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრკოლებები გეგმებს ჩაგიშლით და სასურველ შედეგსაც ვერ მიიღებთ; სახლიდან გასვლამდე ხელი გადაუსვით სასადილო მაგიდის კუთხეს – მინიშნება უტყუარია: დღე წარმატებული იქნება, ხოლო კარის ჩარჩოზეც თუ დააკაკუნებთ, აუცილებლად გაგიმართლებთ; თუ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების, შეხვედრის ან გასაუბრების წინ, სახლიდან გასვლამდე ყველა სკამს ამოატრიალებთ და მაგიდაზე შემოდებთ, იღბალიც არ გიმტყუნებთ; დილით, სახლიდან გასვლისას თუ პირველი მამაკაცი შემოგხვდათ, დღე წარმატებული იქნება, რასაც ვერ ვიტყვით მოხუც ქალზე, მით უმეტეს, ცარიელი ვედროთი ან ჩანთით – ამ შემთხვევაში სასწაულებსა და სიხარულს ნუ დაელოდებით: უსიამოვნებებს თავიდან ვერ აიცილებთ, შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და შეხვედრები არ დაგეგმოთ; თუ სახლიდან გასვლისას გკითხავენ, სად მიდიხარო, თქვენი გეგმები არ გაამჟღავნოთ, სიტყვა ბანზე ააგდეთ და მსუბუქად გაიხუმრეთ – ეს უბედურებისა და ბოროტი თვალისგან დაგიცავთ: შურს გაანეიტრალებს და პოზიტივს მოიზიდავს; კარში გასვლისას თუ ზღურბლს ფეხი წამოჰკარით, დაგიცდათ ან გადაგიბრუნდათ, იმ დღეს მხიარულებას ნუ ელით, ამიტომ უმჯობესია, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. დაბოლოს, სახლიდან გასვლამდე ყოველთვის ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ ანარეკლს უთხარით: „სადაც მივდივარ, იღბალიც იქ დამხვდება!“

– თუმცა არსებობს დილის რიტუალებიც?

– დიახ და ეს იწყება დაბანისას: ჩაიხედეთ სარკეში, სხეულით შეეხეთ მის ზედაპირს და ჩაკეტილი წრე შემოხაზეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „ნაბრძანებია, ვიყო ლამაზი, ბედნიერი, ჭკვიანი, მდიდარი და ასეც იქნება!” – ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე ზედიზედ სამჯერ გაიმეორეთ. თუმცა, ცხოვრებას გაიუმჯობესებთ ერთი მარტივი რიტუალითაც: მარილიან წყალში დასველებული ნაჭრით გაწმინდეთ შემოსასვლელი კარი და თან, ხმამაღლა თქვით: „ყველაფერ ცუდს ვაშორებ, კარგს კი – მოვიზიდავ!“ ასევე, ყოველ დილით, ათი დღის განმავლობაში, საკუთარ თავს სარკეში უნდა გაუმეოროთ: „ბედნიერი ვარ, სამყაროს ყველა მადლსა და სიკეთეს ვიმსახურებ, ჯანმრთელი, ძლიერი და ენერგიით სავსე ვარ!“ საქმესა და სიყვარულში გაგიმართლებთ, თუ ყოველ დილით ერთ ჭიქა წყალს სამჯერ უჩურჩულებთ: „წყალო, წყალო, ნებას მრთავ, რომ შეგსვა, დავიბანო… მაშ, მომეცი სამი წვეთი იღბალი, ხუთი წვეთი წარმატება და ბედნიერების ზღვა. დაე, იყოს ეს ასე!” შემდეგ კი წყალი პატარა ყლუპებით დალიეთ; ხოლო, თქვენ გარშემო მყოფებმა, რომ მიგიღონ და შეგიყვარონ, ოქროს ძეწკვს მიმართეთ: „როგორც ოქრო უყვართ ადამიანებს, ასევე ვუყვარვარ, ვჭირდები და სასურველი ვარ ყველასთვის“; ბოლოს კი, ნეგატივისგან რომ თავი დაიცვათ და სახლშიც იღბალი შეიტანოთ, სამსახურში წასვლამდე შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „სახლიდან გავდივარ ცუდი ადამიანებისგან დაცული, იღბლიანი, ბედნიერი და წარმატებული… და ჭეშმარიტად ასეა ეს!”

– კიდევ რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს იღბალზე?

– ბუნებრივმა მოვლენებმა. მაგალითად: წვიმაში მოხვედრა იღბალსა და სასიამოვნო ცვლილებებს ნიშნავს, მოგზაურობისას კი – ბედნიერ მგზავრობას; ობობა სახლში – წარმატების მომტანია, ამიტომ არ მოკლათ; ხოლო, ბუზი თუ საჭმელში აღმოჩნდა, პეპელა – სახლში, ჭიამაია კი – თქვენს სხეულზე, სამივე შემთხვევა წარმატებისა და იღბლის სიმბოლოა. ბუნებაში მელას დანახვა იღბალს მაგნიტივით მოიზიდავს; ახალი მთვარის წინა დღეს, სახლში ინტერიერის შეცვლა, სირთულეებს ადვილად გადაგალახვინებთ; გუგულის ხმაზე კი, მყისვე სანუკვარი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, თანაც „გუგუს“ შეწყვეტამდე და ნატვრა აუცილებლად აგიხდებათ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ