საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-პრემიერ-მინ-4/
