საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმის სავალდებულო ტარება 2026-2027 სასწავლო წლიდან ამოქმედდა. ამჟამად ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს აქვთ, ხოლო II-VI კლასების მოსწავლეები მას პირველი სემესტრის მანძილზე ეტაპობრივად ჩაიცვამენ — მას შემდეგ, რაც ფორმის კომპონენტები ჩინეთში დამზადდება და ქვეყანაში რეალიზაციაში გავა.
ფორმის შემოღებასთან ერთად სკოლების შინაგანაწესი გაფართოვდა და მასში პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელ ტანსაცმელთან დაკავშირებული მოთხოვნებიც შევიდა. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ახლა ნებისმიერი კონტრასტული ფერის — წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან სხვა — ზედატანი პიჯაკის ქვეშ დაუშვებელია.
რა ტიპის ტანსაცმელია მისაღები?
სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, პიჯაკის ქვეშ შეიძლება ჩაიცვათ: პერანგი ან ბლუზა, პოლოს ტიპის მაისური, სადა მაისური, მაღალსაყელოიანი ზედატანი, სვიტერი ან ჯემპრი.
რა ფერები არის ნებადართული?
ზედატანი უნდა იყოს თეთრი, ცისფერი ან ღია ლურჯი, ან ღია ნაცრისფერი. ამ სამი ფერის ერთმანეთთან კომბინაციაც დასაშვებია.
როგორი უნდა იყოს ტანსაცმლის გაფორმება?
ზედატანი სადა უნდა იყოს. დაუშვებელია მასზე დიდი ზომის წარწერა, ნახატი ან ორნამენტი. გამონაკლისს წარმოადგენს მწარმოებლის მცირე ნიშანი, ასევე განსხვავებული ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი, თუ ეს ელემენტი სამოსის ძირითად ფერს არ განსაზღვრავს.
ვინ აკონტროლებს წესის დაცვას?
ფორმის ტარების წესზე კონტროლი კლასის დამრიგებელს ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება. ამასთან, შინაგანაწესი განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ შემოწმება მოსწავლის ღირსების დაცვით უნდა მოხდეს — დაუშვებელია ბავშვის საჯაროდ გაკრიტიკება ან სხვა მოსწავლეებისგან დამამცირებელი გამორჩევა.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სასკოლო ფორმა და მის ქვეშ დასაშვები ტანსაცმელი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა. 24 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სასკოლო-ფორმა-და-მის-ქვეშ/


