გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ახალი ცენტრი ამოქმედდა. გახსნის ცერემონიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი დაესწრნენ.
ღონისძიება განსაკუთრებულ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლობს როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდებს, რომელთა ოჯახები ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან დევნილნი ან გამყოფი ხაზების სიახლოვეს ცხოვრობენ.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ცენტრების შექმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდებს სამშვიდობო თემატიკის სიღრმისეულად შესწავლის, კვლევებისა და ახალი იდეების გენერირების ფართო შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს შერიგების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ მიმართულებით მაქსიმალურ მხარდაჭერას განაგრძობს.
ცენტრის მთავარი ამოცანა სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობის განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. ამ მიზნით დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების რეგულარული ორგანიზება. ცენტრი ასევე გახდება სტუდენტების, მკვლევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე.
გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გორში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა — ახალგაზრდებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის შესწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გორში-სამშვიდობო-სწავლე-2/

