საქართველოს მოსახლეობას სექტემბერში მნიშვნელოვანი სიცხეები ელოდება — ამის შესახებ მეტეოროლოგი ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს, რომელმაც მომავალი თვის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გაიზიარა.
სპეციალისტის განმარტებით, სექტემბრის პირველ ნახევარში ქვეყანაში ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდი სუფევს, თუმცა თვის მეორე ნახევრიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება — ნალექები შემცირდება, ხოლო ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
მთლიანობაში, სექტემბრის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ბარის ზონებში +19-დან +23 გრადუსამდე მერყეობს, რაც კლიმატური ნორმის გადამეტებას ნიშნავს. ამასთან, ცალკეულ დღეებში სიცხეები კიდევ უფრო მძაფრი იქნება.
კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +37-+38 გრადუსს მიაღწიოს, დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში კი +33-+34 გრადუსამდე მოიმატოს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში +28-+29 გრადუსი მოსალოდნელია, ხოლო მაღალმთიანი ზოლები +28 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში სურათი არანაკლებ თვალსაჩინოა: ქართლსა და კახეთში სიცხემ შეიძლება +37-+38 გრადუსს გადააჭარბოს, მთიანი რაიონები კი +30 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში სექტემბრის საშუალო ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, თუმცა ცხელ დღეებში შესაძლოა +38 გრადუსამდეც ავიდეს. ნალექების რაოდენობა, მეტეოროლოგის პროგნოზით, მრავალწლიური საშუალო მაჩვენებლის ფარგლებში დარჩება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

