თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთის — წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი გვირაბის — მშენებლობის უფლება ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, China Railway Tunnel Group-ს (CRTG), გადაეცა. ხელშეკრულების ღირებულება 499 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოები კი სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი 2025 წლის ბოლოს გამოაცხადა. 2026 წლის მარტში წინადადებები 10-მა კომპანიამ წარადგინა. საინტერესოა, რომ ყველა მონაწილემ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 490-მილიონიან სავარაუდო ბიუჯეტს გადააჭარბა. CRTG-ის პირველადი შეთავაზება 519.69 მილიონი ლარი იყო, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად ეს თანხა დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით შემცირდა.
CRTG საქართველოს ინფრასტრუქტურულ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობი სახელია. კომპანია ამჟამად ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 9-კილომეტრიანი გვირაბის სამუშაოებს ასრულებს — ეს ქვეყნის ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბია, რომელზეც 2019 წელს 902-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა. პარალელურად, 2024 წელს გაფორმებული 215-მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობასაც ახორციელებს. ამ პროექტში გათვალისწინებული 2018-მეტრიანი ხიდი, თუ დროულად დასრულდება, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი გახდება.
კომპანია 1978 წელს დაარსდა და China Railway Group Limited-ის (CREC) შემადგენლობაში შედის. CRTG სპეციალიზდება გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და რთული სამშენებლო პროექტების განხორციელებაში. კომპანია თავად აწარმოებს გვირაბგამყვანი მანქანებს (TBM) და ასევე ახორციელებს საინჟინრო კვლევებსა და პროექტირებას.
საერთაშორისო ასპარეზზე CRTG-ის ყველაზე თვალსაჩინო პროექტია უზბეკეთში Angren-Pap-ის სარკინიგზო ხაზის 19.2-კილომეტრიანი Qamchiq-ის გვირაბი. კომპანიას ასევე გამოცდილება აქვს სინგაპურისა და ჩილეს მეტროს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
წიწამური-ავჭალის გვირაბი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის ნაწილია. პროექტის დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) 250-მილიონდოლარიანი სესხის მოზიდვას გეგმავს.
Sheni Ambebi News
წყარო: bm.ge

