„მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სულ უფრო აუტანელი ხდება იმის ყურება, თუ როგორ ვანგრევთ საკუთარი ხელით სახლს, რომელსაც სხვა სამშობლოთი ვერასოდეს ჩავანაცვლებთ“-ირაკლი ყიფიანი

ავტორი
19 წუთიანი წაკითხვა
„მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სულ უფრო აუტანელი ხდება იმის ყურება, თუ როგორ ვანგრევთ საკუთარი ხელით სახლს, რომელსაც სხვა სამშობლოთი ვერასოდეს ჩავანაცვლებთ“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს.

ბევრჯერ ვცადე შექმნილ ვითარებაზე საუბარი. ზოგჯერ ვრცლად და ემოციებს აყოლილმა ვწერე, ზოგჯერ სრულიად ცივსისხლიანად და პრაგმატულად, ხანაც მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვფარგლულვარ. სამწუხაროდ, სათქმელის ფორმის შეცვლამ რეალობა ვერ შეცვალა. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სულ უფრო აუტანელი ხდება იმის ყურება, თუ როგორ ვანგრევთ საკუთარი ხელით სახლს, რომელსაც სხვა სამშობლოთი ვერასოდეს ჩავანაცვლებთ.
საზოგადოებრივმა დაქსაქსულობამ უკიდურეს ზღვარს გადააბიჯა. თავდაპირველმა დაყოფამ ჯაჭვური რეაქცია წარმოშვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკები კიდევ უფრო მცირე, ერთმანეთისადმი მტრულ ჯგუფებად დაშალა. დღეს უკვე არა მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, არამედ ხშირად ერთი და იმავე ბანაკის შიგნით მოქცეულ ადამიანებსაც აღარ შეუძლიათ ერთმანეთის ატანა. ერთადერთ საერთო ენად სიძულვილი გვრჩება, თუმცა მასაც მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყენებთ.
ადამიანი საკუთარი ღირსებით, ნამოქმედარითა და ზნეობრივი სახით აღარ ფასდება. საკმარისია გავიგოთ, ვის უჭერს მხარს, რომ მის შესახებ საბოლოო განაჩენი გამოვიტანოთ. სანამ მოვუსმენთ, უკვე ვიცით, რას იტყვის. სანამ ფაქტებს გავეცნობით, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, მტყუანია თუ მართალი. სანამ მის ტკივილს დავინახავთ, ჯერ ვარკვევთ, ჩვენიანია თუ სხვისი. სიმართლეც კი პარტიულ საკუთრებად ვაქციეთ და ისეთი სიცრუის დასაჯერებლადაც მზად ვართ, რომელიც ჩვენს მხარეს დროებით უპირატესობას მისცემს.
თანამოქალაქის უბედურებით გამოწვეული სიხარული პოლიტიკური ერთგულების დამადასტურებელ ნიშნად იქცა. ვიღაცის დაპატიმრება, დამცირება, ავადმყოფობა, ოჯახური ტრაგედია და ზოგჯერ სიკვდილიც კი მხოლოდ იმის მიხედვით ფასდება, თუ რომელ მხარეს მიაკუთვნებდნენ მას. სხვის ტკივილზე ქილიკი აღარ გვრცხვენია. პირიქით, სისასტიკეს პრინციპულობად ვასაღებთ, ულმობლობას სიმტკიცედ, ხოლო ადამიანურ თანაგრძნობას პოლიტიკურ სისუსტედ.
ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი სახელმწიფო წესრიგამდე არსებულ მდგომარეობას „ყველას ომს ყველას წინააღმდეგ“ უწოდებდა. ასეთ სივრცეში ადამიანი თანამოქალაქეს საერთო ბედის მონაწილედ კი აღარ აღიქვამს, არამედ მუდმივ საფრთხედ, რომელსაც უნდა დაასწროს, დაამციროს ან გაანადგუროს. ფორმალურად სახელმწიფო შეიძლება კვლავ არსებობდეს, შენობები იდგეს, კანონები იწერებოდეს და დაწესებულებები მუშაობდეს, მაგრამ საზოგადოება შინაგანად უკვე სახელმწიფომდელ მდგომარეობას უბრუნდებოდეს. სწორედ მსგავსი გამანადგურებელი უკუსვლის წინაშე ვდგავართ.
თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ: ეროვნული ერთიანობა ერთნაირ აზროვნებას არ ნიშნავს. ჯანსაღი საზოგადოება უთანხმოების გაუქმებით კი არა, მისი მართვის უნარით განისაზღვრება. განსხვავებული შეხედულება საფრთხე როდია. საფრთხე მაშინ ჩნდება, როდესაც განსხვავებულ აზრს ღალატად ვაცხადებთ და მის გამომთქმელს ადამიანურ ღირსებასა და სამშობლოსადმი კუთვნილების უფლებას ვართმევთ.
ჩვენ არ გვჭირდება ერთხმობა. გვჭირდება შეთანხმება იმ წესებზე, რომელთა ფარგლებშიც განსხვავებულ ადამიანებს ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეეძლებათ. პოლიტიკური მოწინააღმდეგე მტერი არ არის. მოწინააღმდეგეს ეკამათებიან, ეწინააღმდეგებიან და არჩევნებში ამარცხებენ. მტერს კი ებრძვიან და ანადგურებენ. როცა ამ ორ ცნებას ერთმანეთში ვურევთ, პოლიტიკა თანდათან სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიად გარდაიქმნება. ყოველი არჩევნები უკანასკნელ ბრძოლად გვეჩვენება, ყოველი მარცხი ქვეყნის დასასრულად, ხოლო ყოველი გამარჯვება მოწინააღმდეგის დევნისა და დამცირების ნებართვად.
ჩაკეტილ წრეზე სიარული და მუდმივი მტრობა კლავს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ეროვნული ენერგია, რომელიც ქვეყნის განვითარებას, განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მომავალი თაობის დაცვას უნდა ხმარდებოდეს, ურთიერთგანადგურებაში იფლანგება. მთელი ინტელექტუალური და ზნეობრივი ძალა იმის მტკიცებას შევალიეთ, რომ სამშობლოს მეორე ნახევარი საქართველოს მტერია.
შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ გაღიზიანებულ საზოგადოებას ვერ დავაკისრებთ. სხვადასხვა დროს, განსხვავებული მიზეზითა და პასუხისმგებლობის ხარისხით, მტრობის გაღვივებაში წვლილი პოლიტიკურმა კლასმაც, მედიამაც, არასამთავრობო სექტორის ნაწილმაც, საზოგადოებრივი აზრის გამომხატველებმაც და ინტელექტუალურმა წრეებმაც შეიტანეს. თუმცა პასუხისმგებლობის განაწილება ხელოვნურ გათანაბრებას არ ნიშნავს. ყველას თავისი ძალაუფლების, შესაძლებლობისა და მოქმედების შესაბამისად უნდა მოეთხოვოს პასუხი.
ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მის ხელშია ძალაუფლება, სახელმწიფო დაწესებულებები და იძულების კანონიერი საშუალებები. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ იმით არ იზომება, რამდენად მკაცრია იგი მოწინააღმდეგის მიმართ. მისი ნამდვილი სიმტკიცე იმითაც განისაზღვრება, რამდენად დაცულად გრძნობს თავს ხელისუფლების ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსიც კი. კანონს პოლიტიკური მხედველობა არ უნდა ჰქონდეს, სასამართლო ხელისუფლების ნების გაგრძელებად არ უნდა იქცეს, პოლიცია პარტიულ ფარად არ უნდა გამოიყენებოდეს, ხოლო საჯარო სამსახური ერთგულების სანაცვლოდ გაცემული ჯილდო არ უნდა იყოს.
მაგრამ ხელისუფლების კრიტიკა ავტომატურად ვერ გადააქცევს ვინმეს სახელმწიფოებრივ ოპოზიციად. რეალური ოპოზიცია მხოლოდ მმართველი ძალის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანების სიმრავლე როდია. იგი ხელისუფლების სახელმწიფოებრივი ალტერნატივაა, რომელსაც ქვეყნის მართვის საკუთარი ხედვა, ეკონომიკური გეგმა, უსაფრთხოების დოქტრინა, დემოგრაფიული პოლიტიკა, განათლების მოდელი და საგარეო ურთიერთობების გააზრებული მიმართულება უნდა გააჩნდეს.
საქართველოში მსგავსი ოპოზიცია ინსტიტუციური მნიშვნელობით არ არსებობს. ცალკეული განათლებული, პატიოსანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების არსებობა საერთო სურათს ვერ ცვლის. ოპოზიციური სივრცის დიდი ნაწილი არა მომავლის შექმნის, არამედ წარსულში დაბრუნებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით ცხოვრობს. პროგრამის ნაცვლად გვთავაზობენ რევანშს, იდეის ნაცვლად ემოციურ შანტაჟს, მოქალაქეთა ნდობის ნაცვლად კი უცხოეთიდან მიღებულ მოწონებასა და მფარველობას.
ასეთ პოლიტიკურ ერთობას ოპოზიცია მხოლოდ სახელად ჰქვია. შინაარსით იგი რევანშისტების ბუდედ, კარიერისტთა თავშესაფრად და პოლიტიკური უმწიფრობის, პროფესიული უძლურებისა და გონებრივი სიღარიბის შეკრების ადგილად იქცა. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნისთვის ერთი გამართული სამოქმედო გეგმის შეთავაზებაც არ შეუძლიათ, ხელისუფლებაში დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ ითხოვენ, რომ დაკარგული გავლენა, თანამდებობა და ანგარიშსწორების შესაძლებლობა დაიბრუნონ.
მათთვის ქვეყნის ნებისმიერი წარუმატებლობა სასიხარულოა, თუ მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება, ხოლო საქართველოს ნებისმიერი წარმატება უსიამოვნო, თუ მისგან პოლიტიკური სარგებლის მიღებას მმართველი ძალა შეძლებს. ასეთი აზროვნება ოპოზიციური საქმიანობა აღარ არის. იგი საკუთარი სახელმწიფოს წარუმატებლობაში ჩადებული პოლიტიკური ინვესტიციაა.
ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებზე სახელმწიფოს უნდა იცავდეს. ჩვენთან კი ოპოზიციური ჯგუფების სახელმწიფოს აზიანებს იმ იმედით, რომ ზიანის შედეგები ხელისუფლებას დაატყდება თავს. ვისაც ხვალ ქვეყნის მართვა სურს, დღეს მისი დაწვის უფლება არ აქვს. ნანგრევებზე ხელისუფლებაში მოსვლა გამარჯვება ვერ იქნება, რადგან განადგურებული სახელმწიფოს მმართველი მხოლოდ ნანგრევების ზედამხედველად რჩება.
განსაკუთრებით მძიმეა ის დამოკიდებულება, რომელიც ქართული საზოგადოების მხარდაჭერას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და პოლიტიკური კანონიერების მთავარ წყაროს უცხოეთში ეძებს. ქართველი ხალხის დარწმუნების ნაცვლად ზოგიერთი პარტია უცხოელი მეურვის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. არჩევნებში მხარდაჭერის მოპოვების ნაცვლად კი საერთაშორისო ზეწოლისა და გარედან ნაკარნახევი პოლიტიკური ჩარევის იმედად რჩება. პოლიტიკოსი, რომელსაც საკუთარი ხალხის ნდობაზე მეტად უცხოელი მოხელის განცხადება ამაგრებს, ეროვნული ხელისუფლებისთვის კი არა, დამოკიდებული მმართველობისთვის ემზადება.
არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურები საქართველოში არც გეოგრაფიის შესასწავლად მუშაობენ და არც ჩვენი დემოკრატიის უანგარო სიყვარულით მოქმედებენ. ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესს ემსახურება. დაზვერვისა და გავლენის სამსახურების ამოცანაც სწორედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური გარემოს შესწავლა, გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება, სასურველი ჯგუფების გაძლიერება და არსებული წინააღმდეგობების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაა.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილებას ყოველთვის ნულიდან არ ქმნის. მისთვის გაცილებით იოლია უკვე არსებული წყენის, სოციალური დაუცველობის, პოლიტიკური სიძულვილისა და ისტორიული კომპლექსების მოძებნა, გაღრმავება და სასურველი მიმართულებით წარმართვა. იქ, სადაც საზოგადოება გახლეჩილია, უცხო ძალას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება. საკმარისია ერთ მხარეს შიში გაუმძაფროს, მეორეს რევანშის იმედი მისცეს, მესამეს ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზოს და ყველას დააჯეროს, რომ უცხო ინტერესის მსახურებით საკუთარ სამშობლოს ემსახურებიან.
თანამედროვე გავლენის ოპერაციები მხოლოდ ჯაშუშური ფილმებიდან ნაცნობი მეთოდებით აღარ ტარდება. მათთვის გამოიყენება ფინანსური არხები, საკონსულტაციო ქსელები, კვლევითი პროგრამები, მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები, საექსპერტო წრეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ზოგჯერ მონაწილეებმა ზუსტად იციან, ვის ინტერესს ემსახურებიან. ზოგჯერ კი საკუთარი მნიშვნელობა და დანიშნულება თავადაც არ აქვთ გაცნობიერებული. ორივე შემთხვევაში შედეგი შეიძლება ერთნაირი აღმოჩნდეს: ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი თანდათან უცხო ინტერესების გაგრძელებად იქცევა.
უცხოური დაფინანსება თავისთავად ჯაშუშობის მტკიცებულება არ არის. რამოდენიმე ორგანიზაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს და ყველა უცხოელ პარტნიორში მტრის ძებნა ისეთივე სახიფათო სიბრმავე იქნებოდა, როგორიც უცხოური ჩარევის სრული უარყოფაა. მაგრამ არც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდება ანიჭებს ვინმეს ზნეობრივ ხელშეუხებლობას და არც სიტყვა „სამოქალაქო საზოგადოება“ აუქმებს გამჭვირვალობის მოთხოვნას.
სამოქალაქო საზოგადოება მთელი ხალხია და არა უცხოური გრანტებით მოქმედი რამდენიმე ორგანიზაციის დახურული წრე. არასამთავრობო სექტორის ნაწილმა დიდი ხანია დამკვირვებლისა და საზოგადოებრივი ინტერესის დამცველის ფარგლებს გადააბიჯა. იგი პოლიტიკური პროცესის უშუალო მონაწილედ, პარტიების საკადრო რეზერვად, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზატორად და უცხოური პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარად იქცა, თუმცა ამავე დროს ცდილობს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს და მიუკერძოებელი მსაჯულის სახელი შეინარჩუნოს.
თუ ორგანიზაცია მონაწილეობს ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიის შედგენაში, პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვაში, კონკრეტული პარტიების საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართულ მართვაში, იგი მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებელი აღარ არის. მას უფლება აქვს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთოს, მაგრამ ვალდებულია, საკუთარი ინტერესები, დაფინანსების წყაროები, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და რეალური მიზნები სრულად გაასაჯაროოს.
უცხოეთიდან წამოსული ფული ეროვნულ ინტერესად მხოლოდ იმიტომ ვერ გადაიქცევა, რომ ქართულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. არც უცხო სახელმწიფოსგან მიღებული პოლიტიკური მითითება ხდება ქართული საზოგადოების მოთხოვნა იმის გამო, რომ მას ადგილობრივი ორგანიზაცია ან ქართველი პოლიტიკოსი ახმოვანებს. ნებისმიერი ფინანსური, საკონსულტაციო და ორგანიზაციული კავშირი, რომელსაც სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს.
არც ერთი უცხო სახელმწიფო არ არის ვალდებული, საქართველო ჩვენზე მეტად უყვარდეს. პარტნიორებს საკუთარი ინტერესები აქვთ, მოწინააღმდეგეებსაც საკუთარი გეგმები. საერთაშორისო მხარდაჭერას ქვეყნის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ შინაგან თანხმობას ვერ ჩაანაცვლებს. გაერთიანებულ საზოგადოებას გარე ძალები ანგარიშს უწევენ, დაქსაქსულ საზოგადოებას კი საკუთარი ინტერესების გასატარებელ სივრცედ იყენებენ. სუვერენიტეტი მხოლოდ დროშითა და საზღვრით არ იწყება. იგი ეროვნული ინტერესის ერთად ჩამოყალიბებისა და დაცვის უნარიდან იბადება.
საქართველოს მომავალი ვერც ერთ უცხო დედაქალაქში ვერ დაიწერება საბოლოოდ. ქვეყნის საგარეო არჩევანზე შეიძლება ვკამათობდეთ, მიმართულებებსა და საშუალებებზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ არც ერთი უცხო ცენტრი არ უნდა იქცეს საზომად, რომლითაც ქართველი მეორე ქართველის პატრიოტიზმს ამოწმებს. ვინც საქართველოს ნებისმიერ პარტნიორთან ურთიერთობას საკუთარი ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მხოლოდ სიტყვით იცავს.
მედიის ნაწილმაც საზოგადოებრივი მსაჯულის მოვალეობა დაივიწყა და აღშფოთებით ვაჭრობა დაიწყო. ტრაგედია სანახაობად იქცა, შეურაცხყოფა არგუმენტად, ხმამაღალი ტყუილი კი გადამოწმებულ სიმართლეზე მომგებიან საქონლად. სათაური ხშირად იმისთვის აღარ იწერება, რომ მოქალაქემ ამბავი გაიგოს. მისი მიზანი ადამიანის გაღიზიანება, შეშინება და კიდევ უფრო ღრმა სანგარში ჩაგდებაა. სიმართლე, რომელიც საზოგადოებას ამშვიდებს, ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა, ვიდრე სიცრუე, რომელიც მას აღაგზნებს.
ინტელექტუალის, მეცნიერის, მწერლისა და საზოგადოებრივი ავტორიტეტის დანიშნულება სიძულვილისთვის დახვეწილი სიტყვების მოძებნა არ არის. განათლება მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რამდენად რთული წინადადებით შეგიძლია მოწინააღმდეგის შეურაცხყოფა. ნამდვილი ინტელექტუალური პატიოსნება მაშინ მოწმდება, როდესაც სიმართლის თქმა საკუთარი ბანაკის წინააღმდეგ გიწევს. სხვისი შეცდომის დანახვა გამჭრიახობას არ მოითხოვს. სახელმწიფოებრივი სიმწიფე საკუთარიანის უსამართლობის აღიარებით იწყება.
ჩვენ უკვე უსამართლობა კი აღარ გვაშინებს, არამედ მხოლოდ ის უსამართლობა, რომელიც ჩვენს მხარეს ეხება. თუ კანონი მოწინააღმდეგეს სჯის, სამართლის გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. თუ იგივე კანონი ჩვენიანს შეეხო, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვხედავთ. სხვის დანაშაულს მის ბუნებად ვაცხადებთ, ჩვენიანის დანაშაულს კი გარემოებით ვამართლებთ.
ადამიანის ღირსებას პარტიული კუთვნილება არ გააჩნია. დედის ცრემლს პოლიტიკური ფერი არა აქვს, ბავშვის შიშს იდეოლოგია არ ახლავს, ავადმყოფის ტკივილს კი საარჩევნო არჩევანი ვერ აუქმებს. უფლება, რომელსაც მხოლოდ თანამოაზრისთვის ვიცავთ, უფლება კი არა, ჯგუფური პრივილეგიაა. თავისუფლების ნამდვილი გამოცდა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც მის დაცვას იმ ადამიანისთვის ვახერხებთ, რომლის ნათქვამიც არ მოგვწონს.
ბავშვობიდან მასწავლეს, რომ წაქცეულს არ ურტყამენ. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ძველი უბნის დაუწერელი წესი კი არა, ცივილიზებული თანაცხოვრების ზნეობრივი საფუძველია. დღეს კი წაქცეულს ხშირად ყველაზე ადრე ვესხმით თავს, რადგან ვიცით, რომ პასუხის გაცემა აღარ შეუძლია. ამას სიმტკიცეს ვუწოდებთ, სინამდვილეში კი სიმხდალესა და ველურობას პოლიტიკური პრინციპის სამოსით ვფარავთ.
ქრისტიანულ საზოგადოებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. სარწმუნოება მხოლოდ ტაძარში წარმოთქმული აღსარება და დღესასწაულზე დაწერილი მილოცვა როდია. იგი ყველაზე მკაცრად მაშინ მოწმდება, როდესაც შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა შეგვიძლია, მაგრამ ადამიანის საბოლოო განადგურებაზე უარს ვამბობთ. მიტევება დანაშაულის გამართლებას არ ნიშნავს, ხოლო სამართალი სისასტიკის ნებართვას არ იძლევა. ქრისტიანობა ბოროტებასთან შეგუებას არ გვასწავლის, მაგრამ არც თავად ბოროტებად ქცევის უფლებას გვაძლევს.
ეკლესიის ადგილი პარტიულ სანგრებში არ არის. ის იქ უნდა იდგეს, სადაც პოლიტიკური ბანაკები ვეღარ აღწევენ, ადამიანის სინდისთან, ტკივილთან და შერიგების შესაძლებლობასთან. მისი სიტყვა განსაკუთრებით მაშინ არის აუცილებელი, როდესაც საზოგადოება ადამიანურ სახეს კარგავს. ეკლესიამ გამარჯვებულსაც უნდა შეახსენოს თავშეკავება, დამარცხებულსაც ღირსება, ძლიერს პასუხისმგებლობა და სუსტს იმედი. საკურთხეველი პარტიული ბრძოლის გაგრძელებად არ უნდა იქცეს, რადგან იქიდან ნათქვამ სიტყვას ადამიანთა შერიგება ევალება და არა ახალი მტრების შექმნა.
ჩვენს ისტორიას მხოლოდ უცხო დამპყრობლები არ ასუსტებდნენ. ხშირად მტრის შემოსვლამდე გზა შინაგან განხეთქილებას ჰქონდა გაკაფული. გარედან მოსული ძალა იშვიათად ქმნის ნაპრალს თავიდან. უმეტესად იგი უკვე არსებულ ბზარს პოულობს, აღრმავებს და თავის სასარგებლოდ იყენებს. ამიტომ შინაგანი ერთობა მხოლოდ ზნეობრივი სურვილი არ არის. იგი ეროვნული უსაფრთხოების პირველი და ყველაზე საიმედო ფარია.
ილია ტყვიამ ერთხელ მოკლა, მაგრამ მის მიერ ნაფიქრი საქართველო ყოველ ჯერზე თავიდან კვდება, როდესაც მამულს პარტიულ საკუთრებად ვყოფთ, ენას თანამოქალაქის შეურაცხყოფის იარაღად ვაქცევთ, ხოლო სარწმუნოებას მოყვასის სიძულვილის გასამართლებლად ვიყენებთ. რამდენჯერ უნდა მოვკლათ ილია საკუთარი ხელით, რომ ბოლოს მივხვდეთ: ქვეყანა, რომლის გადარჩენასაც ერთმანეთის განადგურებით ვცდილობთ, გამარჯვებამდე ვერასოდეს მივა?
მცირერიცხოვან ერს მუდმივი შინაომის ფუფუნება არ გააჩნია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია, რეგიონი ისტორიულ გარდაქმნებს გადის, სოფლები იცლება, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ, ოჯახები ეკონომიკური დაუცველობის გამო შვილების გაჩენას ვერ ბედავენ, ხოლო ეროვნული კულტურა და ენა გლობალური წნეხის წინაშე სულ უფრო მეტ დაცვას საჭიროებს. ასეთ დროს ეროვნული ძალის ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართვა უბრალო პოლიტიკური შეცდომა აღარ არის. იგი ისტორიული უპასუხისმგებლობაა.
ერი მხოლოდ საერთო წარსულის მოგონება არ არის. ერი საერთო მომავლის შექმნის ნებაცაა. თუ ისტორიისადმი სიამაყე შემოგვრჩა, მაგრამ ერთად ცხოვრების სურვილი დავკარგეთ, ცოცხალი საზოგადოება თანდათან საკუთარ არქივად ვიქცევით. დიდ წინაპრებზე საუბარი ვერ გვიშველის, თუ მათგან მიღებულ ქვეყანას მომავალ თაობას უფრო დაქუცმაცებულს, დაცარიელებულსა და ერთმანეთისადმი სიძულვილით მოწამლულს გადავცემთ.
საქართველო ჩვენი დროებითი საკუთრება არ არის. იგი ერთდროულად წინაპართა ანდერძიცაა და ჯერ დაუბადებელთა უფლებაც. საუკუნეების განმავლობაში სისხლით შენარჩუნებული სახელმწიფო ჩვენი პოლიტიკური წყენის დასაკმაყოფილებლად არ მოუტანიათ. უფლება არ გვაქვს, რამდენიმე წლის ძალაუფლებას, შურისძიებას ან პარტიულ უპირატესობას ის შევწიროთ, რასაც უამრავი თაობა სიცოცხლის ფასად იცავდა.
ეროვნული შერიგება წარსულის დავიწყებას, დანაშაულის მიჩქმალვასა და უსამართლობის უპასუხოდ დატოვებას არ ნიშნავს. სიმართლე უნდა დადგინდეს, დანაშაული კანონის შესაბამისად შეფასდეს, პასუხისმგებლობა კი ინდივიდუალური იყოს. არ არსებობს მემკვიდრეობითი დანაშაული, კოლექტიური ბრალი და ისეთი პოლიტიკური კუთვნილება, რომელიც ადამიანს სამუდამოდ დამნაშავედ აქცევს. შერიგება სიმართლის გარეშე სიცრუეა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც ერთადერთ მიზნად შურისძიება აქვს, ახალი მტრობის დასაწყისად იქცევა.
დიალოგი კაპიტულაცია არ არის. მოსმენა დათანხმებას არ ნიშნავს, კომპრომისი კი ყოველთვის პრინციპების ღალატი როდია. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანს საუბრის არ ეშინია. დიალოგს ყველაზე მეტად ის გაურბის, ვისაც არგუმენტის ნაცვლად მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლია. შესაძლოა, ყველაფერზე ვერასოდეს შევთანხმდეთ, მაგრამ იმის გარკვევა მაინც უნდა შევძლოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთ ქვეყანაში ისე, რომ ერთმანეთს არსებობის უფლება არ წავართვათ.
საქართველოს სჭირდება ეროვნული თანხმობის ფართო და მუდმივი სივრცე, რომელიც პარტიულ კალენდარსა და საარჩევნო ინტერესს არ დაექვემდებარება. არა მორიგი საჩვენებელი კომისია და არა კამერების წინ მოწყობილი ხელოვნური შერიგება, არამედ სერიოზული ეროვნული საუბარი ხელისუფლების, ეკლესიის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებრივი ძალების, აკადემიური წრეების, კულტურის წარმომადგენლების, ახალგაზრდების, ვეტერანების, დევნილების, ემიგრაციისა და რეგიონების მონაწილეობით. მისი მიზანი აზრთა სხვადასხვაობის გაუქმება კი არ უნდა იყოს, არამედ ეროვნული თანაცხოვრების აუცილებელი წესების ჩამოყალიბება.
უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. ხელისუფლება არჩევნებით იცვლება და არა ძალადობით. პოლიტიკური მოწინააღმდეგე სამშობლოს მტრად მტკიცებულების გარეშე არ ცხადდება. სასამართლო შურისძიების იარაღად არ გამოიყენება. ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. ოჯახი, სკოლა, ეკლესია, ჯარი, პოლიცია, კულტურა და ეროვნული მეხსიერება პარტიული ბრძოლის ნადავლად არ იქცევა. ხელისუფლების შენარჩუნება ქვეყნის გახლეჩის ფასად დაუშვებელია, ხოლო ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფოს ნგრევის ფასად გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.
სამშობლოს სიყვარული განსაკუთრებით მაშინ მოწმდება, როდესაც საკუთარი ბანაკის შეჩერება გვიწევს. მოწინააღმდეგის მხილება ადვილია. გაცილებით რთულია უთხრა შენიანს, რომ ზღვარს გადავიდა, უსამართლობა ჩაიდინა ან ქვეყანას აზიანებს. სწორედ იქ იწყება მოქალაქეობრივი სიმტკიცე, სადაც პარტიული ერთგულება სრულდება და პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე იწყება.
სიტყვა უმნიშვნელო არ არის. სახელმწიფო მხოლოდ საზღვრებთან არ ინგრევა, იგი ჯერ ადამიანთა მეტყველებაში იშლება. როდესაც თანამოქალაქეს პარაზიტს, ნაგავს, მოღალატესა და გასანადგურებელ არსებად მოვიხსენიებთ, ძალადობისთვის ზნეობრივ ნიადაგს ვამზადებთ. იარაღი ყოველთვის გასროლით არ იწყებს მოქმედებას. ზოგჯერ მას წლების განმავლობაში სიტყვებით ტენიან.
ჯერ კიდევ შეგვიძლია შეჩერება. ამის იმედს ის წუთები მაძლევს, როდესაც საერთო უბედურების წინაშე ადამიანები პოლიტიკურ განსხვავებებს ივიწყებენ, ერთმანეთს ეხმარებიან და კვლავ იმ საზოგადოებად იქცევიან, რომლის არსებობაც თითქოს უკვე შეუძლებელი გვეგონა. ერთიანობის უნარი არ დაგვიკარგავს. უბრალოდ იგი ყოველდღიურ წესად ვერ ვაქციეთ და მის გასახსენებლად თითქმის ყოველთვის ახალი ტრაგედია გვჭირდება.
არავის მოვუწოდებ საკუთარი აზრის, რწმენისა თუ პოლიტიკური არჩევანის დათმობისკენ. არც ხელოვნურ შერიგებას ვითხოვ და არც მტკივნეული კითხვების დავიწყებას. მხოლოდ იმ ზღვარის აღდგენაა საჭირო, რომლის მიღმაც პოლიტიკური ბრძოლა ეროვნულ თვითგანადგურებად იქცევა. ქვეყანა პარტიაზე მაღლა უნდა დავაყენოთ, ადამიანის ღირსება შურისძიებაზე, სიმართლე სასარგებლო ტყუილზე, სამართალი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, ეროვნული სუვერენიტეტი უცხოელი მფარველის კეთილგანწყობაზე, ხოლო მომავალი დღევანდელ დროებით გამარჯვებაზე.
თუ დროულად არ გამოვფხიზლდით და საკუთარ თავს გარედან არ შევხედეთ, შეიძლება ერთ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ბრძოლაში ყველამ გავიმარჯვეთ, მაგრამ ქვეყანა დავკარგეთ. აღარ დაგვრჩება არც გამარჯვებული და არც დამარცხებული, რადგან ნანგრევებში პოლიტიკური უპირატესობა აზრს კარგავს.
ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი. შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ თაობად, რომელმაც საქართველო განხეთქილების უფსკრულთან მიიყვანა და უკან დახევა ვეღარ შეძლო. შეგვიძლია იმ თაობადაც დავრჩეთ, რომელმაც უკანასკნელ წუთს საკუთარ თავზე, წყენაზე, უცხოელ მფარველებსა და პარტიულ ერთგულებაზე მაღლა ქვეყანა დააყენა.
სხვა საქართველო არ გაგვაჩნია და არც სხვა ქართველი ხალხი გვეყოლება. ერთმანეთის გარეშე შეიძლება სხვადასხვა ბანაკმა იარსებოს, მაგრამ სახელმწიფო ვეღარ იარსებებს. ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა მოწინააღმდეგის განადგურება კი არა, საქართველოს გადარჩენაა.
არც ერთი ჩვენი გამარჯვება არ ღირს საქართველოს დამარცხებად.
საქართველო ქართველების დამარცხებით ვერ გაიმარჯვებს.
ირაკლი ყიფიანი
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სულ უფრო აუტანელი ხდება იმის ყურება, თუ როგორ ვანგრევთ საკუთარი ხელით სახლს, რომელსაც სხვა სამშობლოთი ვერასოდეს ჩავანაცვლებთ“-ირაკლი ყიფიანი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 3]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-%e1%83%9b/
sheniekimi.ge/ambebi
  „სუს-ი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს - შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს“ - ლაშა მაღრაძე პრემიერის ინიციატივაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.