საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების მიზანია, მშობლებს გაუმარტივდეთ ფორმების შეძენა.
მისივე თქმით, ონლაინ გამოწერის შემთხვევაში, ფორმების მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.
„დღეს ამოქმედდა სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინპლატფორმა formebi.emis.ge. პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად. მშობლებს შეეძლებათ, თავიანთ ბავშვებს, პირველკლასელებს შეუძინონ სასკოლო ფორმები. 15 სექტემბრიდან უკვე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება სასკოლო ფორმების გაყიდვა. ვისაც არ სურს ადგილზე მისვლა, შეუძლია, გამოიწეროს ფორმა ზომების მიხედვით. ასევე, საიტზე არის მითითებული მისამართები საძიებო სისტემით და მშობლებს მარტივად შეუძლიათ, როგორც ონლაინ შეიძინონ, ასევე, საიტზე მოძებნონ ის პუნქტები, სადაც შესაძლებელია ფორმების შეძენა. მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი. ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და საქართველოს რეგიონებში დაახლოებით 4-5 დღის ვადაში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. ზომების არმორგების შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
ამასთან, ლევან ღირსიაშვილის განმარტებით, ხარისხი შეამოწმა შვეიცარიულმა, სოლიდურმა კომპანიამ და დაადგინა, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს.
რაც შეეხება, რა მექანიზმი არსებობს, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმაზე, ღირსიაშვილის თქმით, თითოეული სკოლა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შინაგანაწესს აამოქმედებს.
„სასკოლო შინაგანაწესი ამოქმედდება დარღვევებზე. შინაგანაწესებს ადგენს თვითონ სკოლა. თითოეულ სკოლას აქვს საკუთარი შინაგანაწესი და სკოლის დირექტორები იმოქმედებენ საკუთარი სასკოლო შინაგანაწესის მიხედვით. განათლების სამინისტროსთან შინაგანაწესები თანხმდება. ჩვენთან შეთანხმებით იმოქმედებს სკოლა. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე თითოეულ სკოლას ექნება ინდივიდუალური მიდგომა“, – აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.
კიდევ ნახეთ – ცნობილია, სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა – სამუშაო დღეები იქნება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათამდე


