ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს
ინფექციური მონონუკლეოზი… “რა დაავადებაა ექიმო,მოვიძიე და ისეთი ინფორმაცია ვნახე გული გამისკდა”…
რა არის სინამდვილეში ინფექციური მონონუკლეოზი??? ის არის ვირუსული დაავადება, რომლის ყველაზე ხშირი გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV). იგი გადადის ძირითადად ნერწყვითა და ახლო კონტაქტით, ამიტომ ხშირად “კოცნის დაავადებასაც“ უწოდებენ, თუმცა ბავშვებში ინფიცირება შესაძლებელია საერთო სათამაშოების, ჭურჭლისა და ყოველდღიური კონტაქტის დროსაც.
დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ყელის ძლიერი ტკივილით, ნუშურების გადიდებითა და ნადებით, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით, გამოხატული სისუსტითა და ხანგრძლივი დაღლილობით. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდებაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
დიაგნოზის დასმა ეფუძნება როგორც კლინიკურ ნიშნებს, ისე ლაბორატორიულ კვლევებს. სისხლის საერთო ანალიზში ხშირად გვხვდება ლიმფოციტოზი და ატიპიური ლიმფოციტები, შესაძლოა მომატებული იყოს ღვიძლის ფერმენტებიც. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება EBV-ის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა (VCA IgM, VCA IgG და EBNA IgG), რაც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ მწვავე და წარსულში გადატანილი ინფექცია.
მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სიმპტომურია და მოიცავს დასვენებას, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, სიცხისა და ტკივილის კონტროლს. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამოქსიცილინისა და ამპიცილინის ჯგუფის პრეპარატებმა მონონუკლეოზის დროს შეიძლება გამოიწვიოს დამახასიათებელი გამონაყარი.
უმეტეს შემთხვევაში დაავადება სრულ გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ელენთის დაზიანება, ჰეპატიტი, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ნერვული ან სისხლის სისტემის დაზიანება. სწორედ ამიტომ, ელენთის გადიდების დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სპორტისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ ეპშტეინ-ბარის ვირუსი ორგანიზმიდან სრულად არ ქრება. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში, თუმცა ჯანმრთელი იმუნური სისტემა მას ეფექტურად აკონტროლებს და ადამიანების უმრავლესობაში აღარ იწვევს დაავადების გამოვლინებას!!! გახსოვდეთ რომ ბავშვის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველი მშობლის ინფორმირებულობაა!!! სწორი დიაგნოსტიკა, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და მოთმინება ინფექციური მონონუკლეოზის წარმატებული მართვის მთავარი საფუძველია


