გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ორივე ბრალდებული რამდენიმე დღის წინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14- 14- წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა
„მე ჩამოყალიბებულ მკვლელებს წავაწყდი, ისინი მშობლებმა ჩამოაყალიბეს ასეთებად […] ერთი რამ მინდა ვთქვა, რამაც დამწყვიტა გული, მე ა.ნ-ს და დ. ჩ-ს საბოლოო სასამართლო სიტყვაზე მივედი. მაინტერესებდა მათი რეაქცია, მათ სახეზე არ იყო არც სინანული და არც მწუხარება. როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას ვთხვოვდი. დ.ჩ-ს რამდენჯერმე მივმართე და ვუთხარი, რომ ის ციხიდან ვერ გამოვიდოდა ბედნიერი და რომ მას უნდა აერჩია ღირსება. მშობლებმა არაფერი ათქმევინეს. ეს იყო მშობლების და ადვოკატების გადაწაყტვეტილება, მათ არ მისცეს უფლება, რომ თუნდაც წამიერად მასში ადამიანობას გაეღვიძებინა“ — ამბობს ეკა კუპატაძე


