გორში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პაპუნა ლოცულაშვილი უკვე თავისუფალია. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაადასტურა.
მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა აცნობეს, რომ ლოცულაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს და შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს სამსახურებრივი საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობის ან მუქარის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ორი პირის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ქართლის ამბები-მა გაავრცელა. შემთხვევას ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა.
ფაქტზე საქართველოს პროკურატურა-მ გამოძიება დაიწყო პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო ძალადობრივი გადამეტების მუხლით.


