ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა იმ ემოციურ და პასუხისმგებლობით სავსე პერიოდზე, რომელიც პატრიარქ შიოს აღსაყდრებას წინ უძღოდა.
მეუფე დანიელის თქმით, პატრიარქ შიოსთვის ეს დრო განსაკუთრებულად მძიმე იყო, რადგან მას ერთდროულად რამდენიმე რთული მისიის შესრულება მოუწია — გარდაცვლილი პატრიარქის ღირსეული გაცილება, საეკლესიო პროცესების მშვიდად წარმართვა და ახალი ეტაპისთვის მზადება.
მისი შეფასებით, აღსაყდრების დროს პატრიარქ შიოს თვალებზე გამოჩენილი ცრემლი მხოლოდ ემოციური რეაქცია არ ყოფილა. მიტროპოლიტის თქმით, ეს იყო მადლიერების, სიხარულისა და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერების გამოხატულება, რომელიც ახალ პატრიარქს დაეკისრა.
„ეს არ იყო ჩვეულებრივი სიხარული. ეს იყო ამაღლებული განცდა, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ღმერთმა მას განსაკუთრებული მისია დააკისრა“, — აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მიტროპოლიტის თქმით, ბოლო ორი თვე ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის დაძაბული იყო. არსებობდა შიში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ და შეძლებდა თუ არა ეკლესია პროცესის მშვიდობიანად წარმართვას. მისი თქმით, პატრიარქ შიოს ამ პერიოდში ღამეები არ ეძინა, რადგან პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო.
მეუფე დანიელის განცხადებით, ეკლესიის შიგნითაც კარგად ესმოდათ, რომ ახალ რეალობაში ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, წმინდა სინოდის წევრები აცნობიერებენ, რომ თუ მღვდელმთავრები არ გაერთიანდებიან, იმ მძიმე პასუხისმგებლობის ტარება, რომელსაც წლების განმავლობაში პატრიარქი ილია მეორე ატარებდა, შეუძლებელი იქნება.
მან ასევე განმარტა, რომ პატრიარქ შიოს აღსაყდრებას თითქმის ყველა მღვდელმთავარი დაესწრო. ორი ეპისკოპოსის არყოფნა, მისი თქმით, პროტესტს არ უკავშირდებოდა. მიტროპოლიტმა დაასახელა მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე და აღნიშნა, რომ მეუფე ზოსიმე ახალ პატრიარქს კეთილგანწყობით შეხვდა.
მეუფე დანიელის შეფასებით, აღსაყდრების ცერემონიამ საზოგადოებაში არსებული შიშის დიდი ნაწილი შეამცირა. მისი თქმით, ბევრს ჰქონდა განცდა, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ შესაძლოა ეკლესიაში არეულობა ან დაპირისპირება დაწყებულიყო, თუმცა ცერემონიამ აჩვენა, რომ პროცესი მშვიდად წარიმართა.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით 11 მაისს არჩიეს.
შიო III საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად 12 მაისს აღსაყდრდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა


