სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო, მეუფე იობმა 9 და მეუფე გრიგოლმა 7 ხმა. 1 ხმა გაუქმდა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი – ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი – ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.












QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საქართველოს ახალი პატრიარქის, შიო III-ის არჩევა. სამება. 11.05.2026. ფოტოგალერეა. 12 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ახალი-პატრია/
