ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი„რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, არ მოგვისმენია სინანული, ბოდიში - სასჯელი დამაფიქრებელი იქნება...

„რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, არ მოგვისმენია სინანული, ბოდიში – სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია“ – გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე

ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია.

„საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის ცოცხალი და სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული. ბრალდებულებს რომ ეთქვათ ერთი სიტყვა, თუნდაც ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს. ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული. მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს „თვალებს უქაჩავდნენ“, მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ცოცხალი ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით. სასამართლო, რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება. სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში. არაერთი მოწმე გამოიკითხა. ყველამ თქვა, რომ არასოდეს შეშლია გიგა ავალიანს ქცევის წესი – იყო მითითებები, რომ ახალგაზრდა პედაგოგს რამე არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან. საქმის მასალებით ეს არ დგინდება“, – განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ათი წლითა და ექვსი თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დემეტრე ჩიქოვანს კი პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი