რუსეთმა აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაცემული და გასაცემი საექსპორტო ლიცენზიების მოქმედება 21 მარტიდან 21 აპრილამდე პერიოდში შეჩერებულია. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მიწოდებებზე, რომლებიც სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიღებულია ოპერატიული შტაბის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია სასოფლო-სამეურნეო სექტორისთვის სასუქების მიწოდების კოორდინაციაზე. უწყების განმარტებით, აზოტოვან სასუქებზე გაზრდილი საგარეო მოთხოვნის ფონზე ექსპორტის დროებით შეჩერება მიზნად ისახავს შიდა ბაზრის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საგაზაფხულო სამუშაოების პერიოდში, რათა ფერმერებს საჭირო რესურსები შეუფერხებლად მიეწოდოთ.
რუსული მედიის ცნობით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კვოტირების რეჟიმში უკვე 2021 წლის 1 დეკემბრიდან არის მოქცეული. აღნიშნული შეზღუდვა არაერთხელ გახანგრძლივდა და ამჟამად 2026 წლის 31 მაისამდე მოქმედებს. საექსპორტო ლიცენზიებს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გასცემს.
ამონიუმის გვარჯილის ექსპორტისთვის განსაზღვრული კვოტა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით 2.6 მილიონ ტონას შეადგენს.
გარდა ამისა, თებერვლის ბოლოს ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი საწარმო — „დოროგობუჟი“, რომელიც „აკრონის“ ჯგუფში შედის, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა და დროებით შეაჩერა საქმიანობა. აღნიშნული ქარხანა რუსეთში მინერალური სასუქების წარმოების დაახლოებით 5%-ს უზრუნველყოფდა.
საქართველოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძირითადად აზოტოვანი სასუქების ექსპორტიორად მიიჩნევა, იმპორტიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მიმართულებით მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს აზოტოვანი და მინერალური სასუქების იმპორტი შემცირდა და 9.6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 26 101 ტონას შეადგენს. ამ მოცულობაში რუსეთის წილი თითქმის ნახევარია — 47.6%.
2026 წლის დასაწყისშიც იმპორტის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა. წლის პირველ ორ თვეში საქართველოში შემოვიდა 2 662 ტონა სასუქი, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა საერთო კლების მიუხედავად, ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 400 ათას დოლარამდე გაიზარდა.


