ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა გარემო ფაქტორებზე არის დამოკიდებული ბავშვებში ზრდის შეფერხება – როგორ შევუწყოთ ხელი...

რა გარემო ფაქტორებზე არის დამოკიდებული ბავშვებში ზრდის შეფერხება – როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას

რა გარემო ფაქტორებზე არის დამოკიდებული ბავშვებში ზრდის შეფერხება

ექიმი-ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, შოთა ჯანჯღავა გადაცემაში “შენი დილა” რეკომენდაციებს გვთავაზობს.

ადამიანის ზრდაზე ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას — მემკვიდრეობითი (გენეტიკური) და გარემოსთან დაკავშირებული.
თუ გენეტიკა განსაზღვრავს იმას, რამდენად მაღალი პოტენციალი აქვს ბავშვს ზრდისთვის, გარემო ფაქტორები სწორედ ის პირობებია, რომლებიც ამ შესაძლებლობის რეალიზებას უწყობს ხელს ან პირიქით, ზღუდავს მას.

🌙 ძილი — ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი
პუბერტატის პერიოდში ორგანიზმში ინტენსიურად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, რომელიც უმეტესწილად ღრმა ძილის ფაზაში აქტიურდება. დაძინებიდან დაახლოებით 2-3 საათში ეს ჰორმონი აღწევს პიკურ მაჩვენებელს, რის გამოც დამკვიდრებულია გამოთქმა — „ბავშვი ძილში იზრდება.
თუ მოზარდი გვიან იძინებს — მაგალითად, ინტერნეტზე ან ტელეფონზეა დიდხანს — ორგანიზმი ვერ ასწრებს ამ ბუნებრივ პროცესს, რის შედეგადაც იზრდება განვითარების შეფერხების რისკი. ამიტომ, ჯანმრთელი ძილის რეჟიმი (განსაკუთრებით ღამით) მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური ზრდისთვის, ისე ჰორმონალური ბალანსისთვის.

🍽️ კვება და საკვები ნივთიერებები
თანამედროვე პროდუქტებში მინერალებისა და მიკროელემენტების შემცველობა ბევრად დაბალია, ვიდრე წარსულში იყო. ამის მიზეზებია ნიადაგის გამოფიტვა, ქიმიური სასუქების, კონსერვანტებისა და სხვა დამამუშავებელი ნივთიერებების გამოყენება. შედეგად, საკვები ხშირად ვერ უზრუნველყოფს იმ რაოდენობის ცილას, კალციუმს, თუთიას, D ვიტამინსა და B12-ს, რაც აუცილებელია ძვლებისა და ქსოვილების ზრდისთვის.

ბავშვის ორგანიზმი „აშენებულია“ იმ საკვებით, რასაც ყოველდღიურად იღებს. თუ რაციონი მხოლოდ ტკბილეულითა და გაზიანი სასმელებით შემოიფარგლება, ხოლო ნამდვილი საკვები დღეში ერთხელაა, ზრდის პროცესი ბუნებრივად ფერხდება. მარტივად რომ ვთქვათ — თუ სხეულს არ მიაწვდით სამშენებლო მასალას, როგორ უნდა აშენდეს?

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთან მიმართებით, როდის ვაქცევთ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ყურადღებას. ზოგჯერ გვიან ხდება დიაგნოსტირება. მაგალითად, 15-16 წლის რომ გახდება ბავშვი, მერე ექცევა ყურადღება იმიტომ, რომ თვლიან, თანატოლებთან შედარებით, დაბალია. ასეთ მდგომარეობაში დიაგნოსტიკა უკვე დაგვიანებულია, რადგან ძვლის თავზე ძვლის საზრდელა ზონები გვაქვს. ამ ძვლის საზრდელი ზონების გაძვალება პუბერტატის პერიოდის შემდგომი პერიოდიდან იწყება და თუ გოგონას ციკლი ადრე მოუვიდა, კაცისა და ქალის ჰორმონის ბალანსი შეიცვალა და უკვე ქალური ორგანოების ჩამოყალიბება იწყება, გაძვალების პროცესი უფრო ჩქარდება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს ციკლი არა 11-12 წლის, არამედ 9 წლის ასაკში მოუვიდა, გენეტიკურად განპირობებული სიმაღლის შესაძლოა არ გაიზარდოს“.

  ბაბუაწვერას, ჭინჭრის და ოხრახუშის ჩაი დაგეხმარებათ თავი უკეთესად იგრძნოთ. აი, რეცეპტები

ექიმმა ასევე ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის პროგნოზირება, რამდენი სანტიმეტრი იქნება ბავშვი სიმაღლეში:

„სპეციალური ცხრილები გვაქვს, სადაც მოცემულია, რომელ ასაკში, რა უნდა იყოს სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებელი. ყველაზე კარგია, თუ ბავშვი არც ქვედა ზღვართან იქნება ახლოს და არც ზედა ზღვართან. მაგრამ, ზედა ზღვართან შეიძლება ახლოს იყოს, თუ მშობლები მაღალი ჰყავს. ქვედა ზღვართან ახლოსაა ხოლმე, პირიქით, თუ მშობლები ჰყავს დაბალი. მედიუმი რომ ავიღოთ, ყველაზე კარგი მაჩვენებელია. თუ ბიჭებში ვხედავთ, რომ ადრიანად დაიწყო გათმიანება სახეზე, იღლიის, ბოქვენის მიდამოში, ესეც მიუთითებს, რომ ბიჭთან კაცის ჰორმონი იწყებს წინ წამოსვლას და შესაბამისად, შესაძლოა, გენეტიკური სიმაღლე არ იყოს მიღწევადი. მაგალითად, ვვარაუდობთ, რომ ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლე 165 სანტიმეტრი უნდა იყოს, ადრეული პუბერტატით, არასწორი ძილის რეჟიმით, არასწორი კვებით, ყველა ეს სანტიმეტრი გენეტიკურად მოცემულ ინფორმაციას აკლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს, ჯანსაღი კვების რაციონი ჰქონდეს და მაქსიმალურად დაბალანსებულ მდგომარეობაში იყოს, რათა ის, რაც გენეტიკამ მოგვცა, გამოვიყენოთ.

არის ასევე დაავადებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზრდის ფაქტროზე. მაგალითად: ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, რომლებიც ორგანიზმს გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. დიაბეტიც შეიძლება რისკფაქტორად ჩაითვალოს, თუ არასწორადაა ნამართი. სწორად წარმართული დიაბეტი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ცელიაკიის დროს მიკრო და მაკროელემენტების შეწოვა არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც რკინაზეა საუბარი. შეიძლება ბავშვი კარგად იღებდეს საკვებს, მაგრამ შეწოვა არ ხდება. შესაბამისად, თუ შეწოვა არ ხდება, ეს ფაქტორი ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს“

შოთა ჯანჯღავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზე, გენეტიკიდან რა ახდენს ბავშვის სიმაღლეზე გავლენას და თუ ორივე მშობელი დაბალია, ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლეც მათი შესაბამისი იქნება თუ არა:

„რაც გენეტიკურადაა მოცემული, მას ძირითადად ვერ შევცვლით. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ მარტო მშობლის სიმაღლეს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ბებიის, ბაბუის სიმაღლე იმიტომ, რომ გენებს ორივე მხრიდან ვიღებთ – დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. ასეთი მიდგომაა, რომ ბიჭის სასქესო განვითარება დედის გენეტიკაზეა დამოკიდებული. ბაბუის, დედის მამის სასქესო განვითარება როგორიც იყო, დაახლოებით, ისეთივე იქნება. ამიტომ, ბებიასა და ბაბუას დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან არ ვიცით, ბავშვმა დომინანტური გენი რომელი მშობლის მხრიდან მიიღო. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ მამის სიმაღლე 160 სანტიმეტრია და ბავშვის სიმაღლეც ამდენივე უნდა იყოს, არასწორია. არის სპეციალური ფორმულები, სადაც დედის სიმაღლე, მამის სიმაღლე, ბავშვის დაბადების დროს სიგრძის მაჩვენებელი, დაბადების დროს ბავშვის წონა, ასაკი, სქესია გათვალისწინებული და მერე სპეციალურ ფორმულაში მოსალოდნელი სიმაღლე გამოითვლება“.

  ქართველი ფოტო-მოდელი უცხოეთში სილამაზის მწვერვალებს იპყრობს

ექიმმა ასევე ისაუბრა ფიზიკურ აქტივობასა და სიმაღლეში ზრდასთან არსებულ კავშირზე:

„ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ბავშვის ზრდის პროცესი შეაფერხოს, რადგან ის ძვლებსა და სახსრებზე ზედმეტ ზეწოლას ახდენს. როდესაც დატვირთვა გადამეტებულია, ორგანიზმი ვერ ასწრებს სრულფასოვან აღდგენას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ზრდის ზონებზე და შესაძლოა დროებით შეაჩეროს მათი აქტიურობა.

ხშირად მშობლები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო ინტენსიურად ივარჯიშებს ბავშვი, მით უკეთესი შედეგი ექნება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ცეკვის ჯგუფებში ხშირად გვხვდება გადაჭარბებული დატვირთვა — კვირაში რამდენიმე საათიანი გაკვეთილებითა და მცირე დასვენების ინტერვალებით, რაც ბავშვებისთვის გადაღლილობისა და მიკროტრამვების რისკს ზრდის.

ფიზიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია — განსაკუთრებით ისეთი სპორტები, სადაც დატვირთვა თანაბრად არის გადანაწილებული და არ ზღუდავს ზრდის პროცესს, მაგალითად ცურვა ან კალათბურთი. თუმცა მთავარია ზომიერება: ვარჯიში უნდა იყოს დოზირებული და ასაკთან შესაბამისი, რათა სხეულმა განვითარება განაგრძოს და არა გადაღლასთან ბრძოლა დაიწყოს.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი