საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ADP ჯგუფის წევრის, „ტავ ჯორჯიის“ გენერალურმა მენეჯერმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თეა ზაქარაძის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა.
„მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi