შექმნეს ბეტონი, რომელსაც საკუთარი ბზარების გამთელება შეუძლია

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბეტონი საკმაოდ გამძლე და მოსახერხებელი მასალაა მშენებლობისთვის, თუმცა ამავდროულად მტვრევადიც არის. ეს იმით აიხსნება, რომ მასალა გაჭიმვისას მაღალი სიმტკიცით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ზეწოლისას მარტივად იბზარება.

ტეხასის A&M უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაჭრა სინთეზური ლიქენის გამოყენებით სცადეს და შექმნეს ბეტონი, რომელსაც საკუთარი ბზარების აღდგენა შეუძლია. სხვა მეცნიერებს მსგავსი უნარის მქონე “ცოცხალი” ბეტონი აქამდეც შეუქმნიათ ბაქტერიების გამოყენებით. მეორე მხრივ, ახალ ბეტონს გამთელებაში ლიქენი ეხმარება, რომელსაც რაიმეთი უზრუნველყოფა არ სჭირდება.

როგორც მანქანათმშენებელი კონგრუი გრეის ჯინი, კვლევის თანაავტორი, განმარტავს, თვითგანკურნების უნარის მქონე ყველა ბეტონს აქამდე ნუტრიენტების მიწოდება სჭირდებოდა, რათა აღსადგენი მასალები უწყვეტად წარმოქმნილიყო. შესაბამისად, წინა მიდგომები სრულად ავტონომიური არ ყოფილა.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებს ამ მიდგომის გაუმჯობესება სურდათ. ჯინმა და მისმა კოლეგებმა ნიშა როკაიასთან, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევართან, ითანამშრომლეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, ლიქენები ცალკეული ორგანიზმები არ არიან. ისინი ერთგვარი ჯგუფებია, რომლებსაც სოკოები ციანობაქტერიებთან ან წყალმცენარეებთან ქმნის. ეს ობლიგატური მუტუალიზმის ერთ-ერთი მაგალითია.

მეცნიერებმა ლიქენის შესაქმნელად ციანობაქტერიები და ძაფისებრი სოკოები გამოიყენეს. ეს ბაქტერიები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგსა და აზოტს იზიდავს, ძაფისებრი სოკოები კი იონიზებულ კალციუმს მოიზიდავს და ხელს უწყობს, რომ დიდი რაოდენობით კალციუმის კარბონატი (CaCO3) დაილექოს. ეს ნივთიერება ცარცის, კვერცხის ნაჭუჭს, ზღვის ნიჟარებსა თუ მარჯნების მთავარი კომპონენტია.

ლაბორატორიული ტესტირების ფარგლებში ლიქენებმა წარმატებით გაამთელა ბზარები: დიდი რაოდენობით CaCO3 დალექა, ბზარი შეაწება და მისი გაფართოება შეაჩერა.

აქამდე არსებული მიდგომებისგან განსხვავებით, რომლებშიც ბაქტერიები იყო გამოყენებული, ლიქენს “გამოკვება” არ სჭირდება. შესაბამისად, იგი სრულად ავტონომიურია და ბეტონის გამთელებას ადამიანისგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე ახერხებს.

შექმნილი მასალა მეცნიერებმა დამატებით უნდა გამოიკვლიონ — მაგალითად, უცნობია, ამთელებს თუ არა იგი უკვე არსებულ ბზარებს. ეს ყველაფერი, შესაძლოა, სამომავლოდ მეტად გამძლე სამშენებლო მასალის შექმნაში დაგვეხმაროს…

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შექმნეს ბეტონი, რომელსაც საკუთარი ბზარების გამთელება შეუძლია. 17 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შექმნეს-ბეტონი-რომელსაც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi