ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.
ხეხილის (ვაშლი და მსხალი) კვირტის გაშლამდე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური სამუშაოები: მოსცილდეს და დაიწვას მავნებლების ბუდეები, შემხმარი ნაყოფები, დაზიანებული და გამხმარი ტოტები.
დაზიანებული ადგილების მკურნალობა – თუ შეამჩნევთ მავნებლების მასობრივად გავრცელების ადგილებს, შეწამლეთ ნიტროფენით. შეწამვლა ტარდება, როცა საშუალო დღიური ტემპერატურა +10º-ია. მოზამთრე მავნებლების კვერცხების ტკიპებისა და ბუგრების წინააღმდეგ შეიძლება ოლეოკუპრიტის გამოყენება. თუ ხეხილი ნაკლებად დაავადებულია, იწამლება 2-3 წელიწადში ერთხელ. თუ გასულ წელს ვაშლისა და მსხლის ხეები დაავადებული იყო ქეცით, ჩამოყრილი ფოთლები დაამუშავეთ ნიტროფენით.
არ დაგავიწყდეთ ფრინველებისათვის ბუდეებისა და საკვებურების მოწყობა.
კვირტის გახსნიდან ყვავილობამდე. კვირტის გახსნის დასაწყისში ხის ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ, როცა ჰაერის ტემპერატურა 10º-მდეა. თუ გასულ წელს ყვავილჭამიამ დიდი რაოდენობით გაგინადგურათ ვაშლის კოკრები, შეწამლეთ ქვემოჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პრეპარატით: რევიკურტით, პერმეტრინით, კილზარით, კარბოფოსით, ბენზოფოსფატით.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ 3%-იანი ბორდოს ხსნარი, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგიყენებიათ ნიტროფენი. ყვავილის გამოჩენის ფაზაში ხეხილი იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით (თუ არ ჩამოგირეცხავთ 3%-იანი ხსნარით). მავნებლებთან ბრძოლის მიზნით (ტკიპები, ბუგრები და ა.შ.) ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ემატება ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან ერთ-ერთი: კარბოფოსი, ბენზოფოსფატი, კილზარი, პერმეტრინი.
მუხლუხების წინააღმდეგ შეიძლება იხმაროთ: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი, დენდრობაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე უნდა მოსცილდეს ვაშლის ჩრჩილის ბუდეები, რომლებშიც თავმოყრილია მუხლუხები. ჩამობერტყეთ წინასწარ დაფენილ ცელოფანზე ვაშლის მხერხავათი დაზიანებული ნაყოფი, შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ქეცის წინააღმდეგ.
მსხლის ხეები შეწამლეთ გოგირდოვანი პრეპარატით ტკიპების წინააღმდეგ ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ. პირველი დამუშავება ვაშლის (მსხლის) ნაყოფჭამიას წინააღმდეგ: კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით, კილზარით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით.
ზაფხულის განმავლობაში. ყვავილობის დამთავრებიდან 25-30 დღის შემდეგ ტარდება ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამლობა. თუ გამოიყენებთ: პერმეტრინს, კარბოფოსს, კილზარს ან რევიკურტს, შეწამლეთ 25 დღის შემდეგ, ხოლო ბენზოფოსფატით – 30 დღის შემდეგ.