როდესაც გაბრიელ ჩომახაშვილმა ევროპის სცენაზე იმღერა, დარბაზში განსაკუთრებული სიჩუმე ჩამოწვა — ისეთი, რომელსაც მხოლოდ გულით მოსმენის დროს ვგრძნობთ. მისი ხმა არ იყო უბრალოდ ბავშვური — ის სიმშვიდეს, სინათლეს და იმედს ატარებდა. მაყურებლისთვის ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „რეკვიემიდან“. პატარა ქართველმა ბიჭუნამ დიდი ევროპული სცენა დაიპყრო…

2023 წელს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში ქართული კულტურა ტრიუმფით წარსდგა. საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალმა „ევროპალია“, რომელიც სწორედ საქართველოს მიეძღვნა, განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მაესტრო ვახტანგ კახიძის ნაწარმოების – „რეკვიემის“ შესრულებით. ეს კომპოზიცია მაესტრომ მშობლების ხსოვნას მიუძღვნა და ევროპაში პირველად სწორედ ამ ფესტივალზე აჟღერდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის შესრულებით.
ევროპელი მსმენელის ემოციური გამოხმაურება კი ნათლად აჩვენებს, რომ „რეკვიემი“ მათ გულებს შეეხო – არაერთმა აღნიშნა, რომ ასეთი ზემოქმედება იშვიათია, როდესაც მუსიკა არა მხოლოდ სევდას გადმოსცემს, არამედ იმედსაც გიტოვებს.
ამ შთამბეჭდავ საღამოს განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბიჭუნამ, რომლის ხმა ნაწარმოებში ნამდვილი აღმოჩენა აღმოჩნდა.
დღეს სწორედ გაბრიელ ჩომახაშვილზე გიამბობთ.
ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც ევროპელი მსმენელი გააოცა? როგორ მოხვდა ასეთ მნიშვნელოვანი ნაწარმოების ცენტრში? როგორ გრძნობს თავს, როცა მისი ხმა ასე შთამბეჭდავად ისმის ევროპულ და ქართულ საკონცერტო დარბაზებში?
გაბრიელი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიასთან საუბრობს:
– გაბრიელ, როდის დაიწყე სიმღერა და რამ განაპირობა, რომ შენი ცხოვრების გზა სიმღერას დაუკავშირე? როგორც ვიცით, აპირებ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელო საქმიანობა…
– დიახ, ნამდვილად ვაპირებ, რომ გავაგრძელო სიმღერა და, ზოგადად, ხელოვნებაში ძალიან ჩართული ვარ. როგორც მეუბნებიან, სიმღერა მანამდე დავიწყე, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი. ძალიან მიყვარდა საბავშვო სიმღერები, ვუყურებდი ტელევიზორს, მათ შორის, „ერთსულოვნების“ არხსაც, როცა გადიოდა მუსიკალური გადაცემები. უკვე მაშინ, როცა ენა ავიდგი, ყველა სიმღერა ზეპირად ვიცოდი.
რაც შეეხება პროფესიულ მიმართულებას, 5 წლის ასაკში შევედი ანსამბლ „ერთსულოვნებაში“, სადაც ვმღეროდი დაახლოებით 5 წელი. შემდეგ ანსამბლ „მძლევარში“ გადავედი, რადგან მინდოდა საუკეთესო ანსამბლი ამერჩია. კახა მასწავლებელი თავისი საქმის პროფესიონალია — ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კარგი ადამიანი.
– საინტერესოა, შენივე სურვილი იყო, რომ ფოლკლორის მიმართულებით წასულიყავი, თუ ეს მშობლების იდეა იყო?
– მშობლებმა შემომთავაზეს იდეა, და მეც დავეთანხმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა „მძლევარის“ შემოქმედებას გავეცანი — ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, „მძლევარში“ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარია. არა მხოლოდ ქართული და ხალხური, არამედ კახა მასწავლებელმა მასში უცხოური — ევროპული და ამერიკული სიმღერებიც ჩართო.
– რომელიმე დღესასწაულზე სამებაში „მრავალჟამიერი“ შეასრულე?
-კი, აღდგომის დღესასწაულზე.
– მოგვიყევი, როგორ მოხვდი მაესტროსთან – როგორ დაუკავშირდი ვახტანგ კახიძეს და როგორ მიიღე მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებში?
-აქ მოხვედრაც ისევ „მძლევარს“ უკავშირდება და არაჩვეულებრივ პედაგოგ ბატონ კახას. ბატონი ვახტანგ კახიძე მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევდა მომღერლებს და „მძლევარიდან“ ჯერ 4 ბავშვი აგვარჩიეს. საბოლოოდ კი – მე.
– როგორ ჩაიარა მუშაობის პროცესმა? რამდენად რთული და საპასუხისმგებლო იყო?
– ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია იყო, მით უმეტეს, როცა ისეთ ხელოვან ადამიანებთან ერთად მონაწილეობ, როგორებიც არის: სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო კაპელა და მოწვეული სოლისტები არაჩვეულებრივი ხმით. თითოეული რეპეტიცია ძალიან სასიამოვნო და, ამავდროულად, პასუხისმგებლობით სავსე იყო. ეს პასუხისმგებლობა ორმაგად გაიზარდა, როცა ბელგიაში წავედით.
– რას გრძნობდი ამ გამოცდილებისას როგორც მომღერალი? რა მოგცა მაესტროსთან მუშაობამ? და ამავდროულად, როგორ აღიქვი ის, რომ ქართულ მუსიკას ევროპაში წარადგენდით ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე?
-დიახ, მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო და სანერვიულო იყო, მაგრამ მაესტრომ ისეთი თბილი და კომფორტული გარემო შექმნა, რომ ნერვიულობაც შემიმსუბუქდა. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. გავიცანით ქართველი ემიგრანტებიც. მათ გვითხრეს, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა დედოფალ ელისაბედის დარბაზში ბელგიელი მაყურებელი ფეხზე წამოდგება. ტაში 20 წუთი არ შეწყვეტილა. ბატონი ვახტანგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
– ის, რაც შენ იმღერე, განსხვავდება ფოლკლორისგან. როგორი იყო ეს სიახლე შენთვის?
– პირველად რომ „მძლევარში“ მივედი, დაახლოებით 4–5 თვეში მივიღეთ ეს მოწვევა. როცა გამაგებინეს, რომ მე ამარჩიეს, ძალიან გამიხარდა. ხალხური სიმღერიდან კლასიკურ მუსიკაზე გადართვა ნამდვილად უჩვეულო იყო. „რექვიემი“ არც ყველა კომპოზიტორს აქვს დაწერილი — ეს განსაკუთრებული მუსიკაა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მისი შესრულება.
– შენი პედაგოგი, კახა, როგორ შეაფასებდა შენს გამოსვლას?
– ძალიან კარგად შემაფასა. სხვათა შორის, სანამ თბილისში პირველი კონცერტი გაიმართებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. მაშინ 10 წლის ვიყავი. კახა მასწავლებელმა ისეთი თბილი სიტყვები მითხრა, რომ ძალიან დამამშვიდა და გამამხნევა. კონცერტმაც წარმატებით ჩაიარა.
– გაბრიელ, რომელ კლასში ხარ ახლა და აპირებ თუ არა მომღერლობას მომავალშიც მიჰყვე, თუ შეიძლება სხვა პროფესია აირჩიო?
– მე ვსწავლობ 163-ე სკოლაში, ვარ მე-8 კლასში. რაც შეეხება მომღერლობას, — აუცილებლად ვაპირებ. მინდა, კონსერვატორიაში ჩავაბარო და ხელოვნების ნებისმიერ სფეროს გავყვე, არა მხოლოდ სიმღერას.
– რა რეაქცია ჰქონდათ სკოლაში?
– ძალიან თბილად დამხვდნენ და გაუხარდათ ჩემი წარმატება. მეც მიხარია, რომ ასე თბილად მხვდებიან და მექცევიან.
– დაბოლოს, შენს თანატოლებში, რამდენადაა ინტერესის საგანი ფოლკლორი, სიმღერა და ხელოვნება? შენს მაგალითს როგორ იღებენ?
-როგორც ჩემი მეგობრები, ისე ჩემმა დამ — ჩემგან აიღო მაგალითი… მანაც გადაწყვიტა სიმღერის დაწყება, როცა მოისმინა, როგორ ვმღეროდი. იმედი აქვს, რომ ისიც ერთხელ დადგება სცენაზე.
https://www.facebook.com/share/v/1N4ycbPn4t/?mibextid=wwXIfr
https://www.facebook.com/share/v/1N4ycbPn4t/?mibextid=wwXIfr