შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიშოთა გორგოძე მას ფრთხილად მიუახლოვდა, ჩანთა გამოგლიჯა და შიგნით ხელყუმბარა იპოვა -...

შოთა გორგოძე მას ფრთხილად მიუახლოვდა, ჩანთა გამოგლიჯა და შიგნით ხელყუმბარა იპოვა – როგორ გადაარჩინა პატრიარქი გენერალმა

შოთა გორგოძე – ეს სახელი და გვარი მთელს საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი. ვინც მის მინისტრობას მოსწრებია, ყველა აღიარებს, რომ შოთა გორგოძე საბჭოთა მოხელე კი იყო, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველი გახლდათ. ცხოვრებაში დაცვით არ უვლია და ამ ლეგენდარულ კაცს თანამდებობაზე ყოფნა ტვირთად მიაჩნდა. არც მალავდა. ნეტავ, არ მესწავლა, მერჩივნა, ჩემს სოფელს არ მოვწყვეტოდი, გლეხკაცად დავრჩენილიყავი მამაპაპურ მიწაზე, რადგან ეს ცხოვრება სულ წვალებასა და ჯოჯოხეთში გავიარეო. თავის დროზე მან განცხადებაც დაწერა სისტემიდან წასვლის თაობაზე, რადგან გულგრილად ვერ უყურებდა ადამიანების დაპატიმრებას, ეს საქმე მისი ბუნების კაცისთვის უცხო იყო, მაგრამ სისტემიდან არ გაუშვეს. ბევრს ისიც ახსოვს, რომ ხშირად ჩადიოდა კამერებში პატიმრების მოსანახულებლად, რადგან განიცდიდა მათ ამბავს. შოთა გორგოძე ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა ილემში დაიბადა, ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა და მუშაობდა კიდეც ქარხანა „ელექტროგამშვებში“. ჰქონდა გამოგონებები, ჯილდოები, მაგრამ ცხოვრებამ მას შინაგან საქმეთა მინისტრობის სახით გამოცდა მოუწყო. ამ გამოცდას ღირსეულად, უხმოდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე გაუძლო. ალბათ, ამიტომაც ყველას გული დასწყდა ამ გულიანი ქართველის გარდაცვალების გამო. სარისკო პროფესია ჰქონდა და ამბობდა კიდეც, რომ ბევრჯერ დაუჩოქია ხატის წინ, ფარულად ულოცია კიდეც, როცა რთულ სიტუაციაში განსაკუთრებული ოპერაციის ჩატარება უწევდა. იმ პერიოდში ეკლესიაში შესვლა გამორიცხული იყო, მაგრამ შოთა გორგოძე ადიოდა მამადავითზე, ასევე, უყვარდა დიდუბის ეკლესია. ეს გასაკვირი არც არის, რადგან დედამისი, გორგაძის ქალი, მორწმუნე გახლდათ და ხუთ შვილს რელიგიური რწმენით ზრდიდა. ახლა, სწორედ ამ შესანიშნავი კაცის ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს კითხულობთ, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი როლი შეასრულა ხალხის ცხოვრებაში. ის მართლა უყვარდათ საბჭოთა მილიციელებს, როგორც ყველაზე კეთილსინდისიერი თავკაცი მილიციის სისტემაში – მინისტრი შოთა გორგოძე.

კაცი ხელყუმბარით

შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ შოთა გორგოძემ პატრიარქი ილია მეორე აფეთქებას გადაარჩინა. სავარაუდო დამნაშავე გვარად გორგაძე იყო და ასეც გაეცნო შოთა გორგოძეს, რადგან იცოდა, რომ დედამისიც გორგაძე გახლდათ. შოთა გორგოძე იხსენებდა, რომ ამ ადამიანთან მას არანაირი ნათესაობა არ აკავშირებდა, იგი კასპიდან იყო და, უბრალოდ, დედის მხრიდან მოგვარედ ერგებოდა. ამ კაცს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რადგან მოუყვა შოთა გორგოძეს, რომ ერთი კვირა გადაბმულად ეძინა და ისეთი სიზმრები ნახა, პატრიარქთან უნდა მისულიყო. მართლაც, უნახავს პატრიარქი და უწმიდესის რჩევა ყოფილა, რელიგიასთან ახლოს ყოფილიყო. მოგვიანებით, უწმიდესმა განმეორებით ვეღარ შეძლო ამ კაცის მიღება, რის გამოც მან შოთა გორგოძის სადარბაზოში გადაინაცვლა. დილაუთენია, სამსახურში წასვლის წინ, მის კიბეებზე იჯდა და ბატონ შოთას ელოდა, თანაც, ითხოვდა, პატრიარქი დამელაპარაკოსო. შოთა გორგოძეს შესცოდებია ეს ადამიანი, მისულა პატრიარქთან და უთხოვია, ეს უცნაური პიროვნება მომაცილეთ, თქვენი სჯერა და, იქნებ, შეხვდეთო. პატრიარქმა მიიღო ეს კაცი, რომელიც იმდენად უცნაური იყო, რომ პარკით თავის ქალა დაჰქონდა – ციურმა ძალებმა ჩამაბარესო. ერთხელაც, როცა შოთა გორგოძე წავკისში ისვენებდა, ამ კაცმა დაურეკა, ილია მეორის რეზიდენციაში ჭიშკართან ვარ, როგორც კი მისი მანქანა გაივლის, უნდა ავაფეთქო, არავისი მჯერა, თავი განწირული მაქვს, რადგან არ მიმიღეს საპატრიარქოშიო. შოთა გორგოძემ მილიციაში დარეკა, მორიგეს აუწერა ამ წვერმოშვებული, მაღალი მამაკაცის გარეგნობა და ისიც, რომ ხელყუმბარით აპირებდა უწმიდესზე თავდასხმას. მათ სასწრაფოდ გაუგზავნიათ ოპერატიული მუშაკები, თუმცა საპატრიარქოს რეზიდენციასთან მდგარ მილიციელებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. არადა, ეს კაცი ჭიშკართან იწვა. შოთა გორგოძე მას ფრთხილად მიუახლოვდა, ჩანთა გამოგლიჯა და შიგნით ხელყუმბარა იპოვა. მილიციელებმა მამაკაცი დააპატიმრეს და ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწმიდესმა ეს ამბავი რომ შეიტყო, შოთა გორგოძეს მადლობა შეუთვალა, თუმცა გაზეთებმა რატომღაც დაწერეს, თითქოს შოთა გორგოძის ნათესავი აპირებდა უწმინდესის აფეთქებას, რაც ბატონ შოთას ძალიან სწყენია.

  "გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ" - ლუკა კურტანიძე

სიცოცხლით სავსე თვალები

ზვიად გამსახურდიას, როგორც კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟსა და პატრიოტ ადამიანს პატივს სცემდა. მასთან შეხვედრის წუთებსაც იხსენებდა, როცა 2 აპრილს, მისივე თხოვნით; ეწვია კაბინეტში. „თბილი შეხვედრა გვქონდა, სიცოცხლით სავსე თვალებში რომ ჩავხედე ამ კაცს, სამშობლოსთვის აღგზნებულ პიროვნებას, გამიხარდა, რომ გავიცანი. მივულოცე, წინა დღეებში დაბადების დღე ჰქონდა, პატარა სუვენირიც ვაჩუქე – ძალიან მიყვარდა მერაბ ბერძენიშვილის სუვენირი „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“, ორი პატარა ბიჭი რომ ხმალს ექაჩება, ის ვაჩუქე ზვიადს ჩვენი შეხვედრის სიმბოლოდ“. შოთა გორგოძე არ მალავდა, რომ თანაუგრძნობდა ზვიადს: „ქართველი კაცი ვარ, ვისთვის უნდა მეთანაგრძნო – ჩამოსული რუსებისთვის?!“ უბრალოდ, ზვიადთან ერთი სათხოვარი ჰქონდა, ცოტა ხნით ხელი არ შეეშალა მისთვის მიტინგის ჩატარებით – ერთი დღით აფხაზეთში ჩასვლას ვაპირებ პირველ აპრილს ქართველების დარბევის ფაქტის გამოსაძიებლად, ადლეიბას და ოზგანს პასუხი უნდა ვაგებინებო. ზვიადს უთქვამს, თუკი ამ საქმეს მოაწესრიგებთ, დავიცდითო, რაზეც შოთა გორგოძეს .მიუგია, თუ დამნაშავე ექსტრემისტებს დავიჭერ, ხომ კარგი და თუ ეს ვერ გავაკეთე, დავბრუნდები, თქვენთან ერთად დავდგები, ერთად ჩავატაროთ ეს მიტინგი და ერთად დავანგრიოთ, რაც დასანგრევიაო. ზვიადმა იგი დაამშვიდა და შესაკრებად გამზადებული ხალხი დაშალა.

ის არ ჰგავდა სხვა გენერლებს

შოთა გორგოძის შესახებ საუბარი 9 აპრილის გარეშე შეუძლებელია. იმის გამო, რომ 9 აპრილს საკუთარ ხალხს არ უღალატა, უკვე მეორე დღეს, 10 აპრილს, მოსკოვიდან ჩამოფრენილმა კომისიამ იგი საკუთარ კაბინეტში ჩაკეტა და ლამის მოღალატედ გამოაცხადა. უსაყვედურეს, საბჭოთა ოფიცრის „პაგონებს“ ატარებ და ეს როგორ გაბედე, მოსკოვში კოლეგიაზე დაგიბარებთ, დაგკითხავთ, თანამდებობიდან გაგათავისუფლებთ და „ზვანიასაც“ ჩამოგართმევთო. ამის საპასუხოდ შოთა გორგოძემ თავად გაიხადა კიტელი და შესთავაზა, წაეღოთ კიტელიც და „პაგონებიც“. ამ ნათქვამმა რუსები მოალბო და მისი დასჯა გადაუფიქრებიათ. 9 აპრილი კი მის ცხოვრებაში უმძიმესი დღე იყო, როცა სიცოცხლე არაფრად უღირდა. როდიონოვმა და მან ერთმანეთის საცემრად გაიწიეს და უკვე ისტორიას შემორჩა როდიონოვის ყვირილის, „ჩემ ვი ზანიმაეტესო“, საპასუხოდ ნათქვამი შოთა გორგოძის სიტყვები: „მი ზანიმაემსა როდნიმ დელომ“. როდიონოვს ავტომატიანები იცავდნენ, რომელთაც შოთა გორგოძეს იარაღი მიუშვირეს და მზად იყვნენ, ესროლათ, მაგრამ ეს მისთვის არაფერი იყო. შოთა გორგოძე წუხდა, რომ ვერ შეძლო, თავისი ხალხისთვის ამ განსაცდელის აცილება. არადა, დარწმუნებული იყო, შეძლებდა სისხლისღვრის არიდებას, რუსებს ცოტათი რომ ეცლიათ მისთვის. ჯერ კიდევ სისხლიან 9 აპრილამდე როდიონოვთან შეხვედრისას მოითხოვდა კიდეც, ეს არაა რუსის ჯარის საქმე, ეს მხოლოდ ქართული მილიციის საქმეა და ნება მომეცით, თვითონვე მოვუაროთ ჩვენს ხალხს. ღამის 4 საათზე ქართულ მილიციას უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია, რადგან საკუთარ ხალხთან ისინი უფრო გამონახავდნენ საერთო ენას, ვიდრე ჩამოსული რუსები. მართლაც მოილაპარაკეს მომიტინგეებთან, საჭირო ხალხთან, რომ „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“ პრინციპით მშვიდობიანად გაცლოდნენ იქაურობას, ეს გეგმა დამტკიცებული და შეთანხმებული იყო ჯუმბერ პატიაშვილთან, მაგრამ რუსებმა არ აცალეს. დილით მცირეოდენი რაოდენობით მყოფი მოშიმშილეებისკენ ტანკებით დაიძრნენ და რუსის ჯარმა მომიტინგეებს შორის გაიარა. ამან ქართველებში აჟიოტაჟი გამოიწვია. „გაი-ს“ მუშაკი, ოფიცერი კაცი თავისი მანქანით გადაუდგა რუსებს, არ შეხვიდეთ მომიტინგეებშიო, მაგრამ მის მანქანას რუსებმა გადაუარეს, მან მოასწრო გადახტომა, მანქანა კი დაჭყლიტეს. შოთა გორგოძის აზრით, რუსებს „სალდაფონური“ ჭკუა ჰქონდათ, მათ ვერ გათვალეს ქართველების ხასიათი, რომ გასაჭირში მყოფ მოშიმშლეებს ქართველები არ მიატოვებდნენ. 20 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი რუსთაველზე. ამით ქართული მილიციის გეგმა ჩაიშალა და შოთა გორგოძე იძულებული გახდა, განეიარაღებინა საკუთარი გარნიზონი, რათა ქართულ მილიციასა და რუსის ჯარს შორის დაპირისპირებას სისხლიანი ხასიათი არ მიეღო. ქართველი მილიციონრები რუსებს არ აპატიებდნენ ქართველებზე თავდასხმას. გამთენიის ოთხ საათზე როდიონოვს დანიშნული ჰქონდა დარბევის ოპერაცია. შოთა გორგოძე იხსენებდა, რომ იძულებული გახდა, დახმარება მისივე თანამშრომლის, პოლკოვნიკ მერაბ ღუდუშაურისთვის ეთხოვა, რომელიც პატრიარქის ნათესავი გახლდათ. მერაბ ღუდუშაურისთვის უთქვამს, იქნებ, მიხვიდე პატრიარქთან სახლში, მოვიდეს მიტინგზე და ხალხს მიმართოსო. შოთა გორგოძე კმაყოფილი იყო, რომ პატრიარქი მივიდა მიტინგზე და საკუთარ ხალხს მიმართა ლოცვა-კურთხევით, მაგრამ ირაკლი წერეთელმა მომიტინგეებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ. შოთა გორგოძის თქმით, 9 აპრილს პირველი დარტყმა ქართველმა მილიციელებმა მიიღეს და ნიჩბებითა და დუბინკებით დაშავებული 46 თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულ იქნა, ისინი სცემეს რუსმა ჯარისკაცებმა, რადგან ქართველმა მილიციელებმა დერეფანი გაუხსნეს მომიტინგეებს. „ატყდა ლანძღვა-გინება, ფიზიკური გაწევ-გამოწევა, ჩათვალეს, რომ ვუღალატე საბჭოთა პარტიას და გადავედი მომიტინგეების მხარეს, უნდოდათ ხალხი ალყაში მოექციათ. ჩვენ გავხსენით გზა და ლესია უკრაინკას ქუჩით გავიყვანეთ ეს ხალხი. ბევრი ასე გადარჩა, თორემ ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ყველა უნდა დახოცილიყო. როგორც ქართველი კაცი, ამას ვერ ვიკადრებდი და არც ჩემს თანამშრომლებს მივცემდი ხალხის წინააღმდეგ წასვლის უფლებას. ახლა ამის თქმა ადვილია, მაგრამ იმხანად ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ პარტიის წევრები ვიყავით, პასუხისმგებლობა გვეკისრა და სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაგვეცვა. როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა, დავინახე, ჩემი ერისა და ხალხის ბედი წყდებოდა, დავდექი იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი. ჩემთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რა თანამდებობა მეკავა“.

  ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? - ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეზე

ის არ ჰგავდა სხვა გენერლებს. სხვათა შორის, გენერალი რომ გახდა, პირველად გენერლის ფორმით მამამისის საფლავზე ავიდა, რადგან მამამისს უყვარდა ფორმიანი ხალხი და მათ პატივს სცემდა. ბოლო წლები შოთა გორგოძემ წვალებაში გაატარა. კომაში მყოფ ვაჟს უვლიდა, რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. წუხდა, რომ ვაჟის მოსავლელად საკუთარი პენსია არ ჰყოფნიდა. გასაყიდიც, რაც ჰქონდა ბინით დაწყებული, ყველაფერი გაეყიდა. ამ დროს თანამდებობის პირებს მის დასახმარებლად არ ეცალათ. მას არ უყვარდა პირად პრობლემებზე ადამიანების შეწუხება და თავისი გასაჭირის აფიშირება, თუმცა კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ თავის დროზე კახა კალაძე, ასევე, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია დახმარებია.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი