დღის ამბები პოზიტივზე
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით 22 ნოემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სტეფანწმინდაში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
****
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაათენეს. ადგილზე სტუდენტებს 2 კარავი აქვთ გაშლილი, რომლებსაც 24-საათიანი პროტესტისთვის იყენებენ.
ადგილზე ასევე სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, უნივერსიტეტის კიბეებზე კი სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი.
როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, ჯაბა სამუშია თავის სტუდენტებს დაუპირისპირდა და მათ უნივერსიტეტში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
****
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68 მილიონი ლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის – „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ მეორე ქვეპროგრამაა.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია.
****
აშშ-მა ბოლო არასანქცირებული რუსული ბანკის, “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები ფაქტობრივად, გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხავს რუსულ “გაზპრომბანკს” და მის ექვს შვილობილ კომპანიას, რომლებიც ლუქსემბრუგში, ჰონგ-კონგში, კვიპროსში, შვეიცარიასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარეობენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა“გაზპრომბანკი აქამდე დაასანქცირეს.
****
თბილისში, 24 ნოემბერს, ქალთა მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.
მარშის ორგანიზატორები ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი არიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა შველი მოკლა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
****
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.
****
უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა გააუქმა, სახალხო დეპუტატები სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან დარტყმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეპუტატები გააფრთხილეს დაბომბვის საფრთხის შესახებ და მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ყოფნა სამთავრობო კვარტალში.
უმაღლესმა რადას შეხვედრის გაუქმებას უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.
****
თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობას საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
****
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,
მათივე ცნობით, ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
****
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ბორის ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.
****
საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფრანგმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების მიმართულებით გადაამზადეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
****
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.
ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. ის უარყოფს ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას.
****
აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – PRIVATE LABEL TRADE SHOW ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე და დირექტორის მოადგილე ესწრებოდნენ.
Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1 700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
****
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტით დადგენილი პირველი სხდომის დღის წესრიგი განმარტებისას აღნიშნა, რომ პირველი საკითხი არის უფლებამოსილების ცნობა.
****
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა და მათთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ არამხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.
****
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 34 მოღალატისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულებით ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ.
****
ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ მასპინძლობს. ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება.
****
Bentley Motors-მა ევროპის ბაზრის გაფართოება საქართველოში Bentley Tbilisi-ს გახსნით დაიწყო. შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში, 129 ნომერში მდებარეობს.
Bentley-ს ახალი კომპლექსი 330 კვ.მ-ზე განთავსებულ შოურუმსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ობიექტს აერთიანებს. ახალი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება Bentley Motors-ის 2024 წლის პირველ ექვს თვეში მიღწეულ საოპერაციო მოგებას უკავშირდება, რომელმაც 261 მილიონი ევრო შეადგინა.
****
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ლოკოკინას მთავარი ექსპორტიორი როგორც 2023 წელს, წელსაც საფრანგეთი იყო. გასულ წელს ექსპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა ასევე იტალიაში.
****
“თუ საქართველო არაფერს გააკეთებს, შესაძლოა ეს ნიშა დავკარგოთ,“ – ქვეყანაში ღვინის ტურიზმის დაკარგვის საშიშროებაზე ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა ისაუბრა.
„გარშემო სულ კონკურენტი ქვეყნები გვყავს, მაგალითად სომხეთი, რომელიც ძალიან აქტიურია ამ მხრივ და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. – აღნიშნა მან.
თაბაგარის თქმით, ღვინის კულტურა არ არის გათვლილი ინდუს და ჩინელ ტურისტებზე და ეს სფერო ევროპელ ტურისტებს აინტერესებთ, რომლებიც აქ ჩამოსვლამდე წინასწარ ეცნობიან ამ თემას.
****
გაყინული ფორთოხლის წვენის კონცენტრატზე მსოფლიო ფასები რეკორდულ დონემდე გაიზარდა. მისი საბაზრო ღირებულება რამდენიმე წელია, იზრდება.
კერძოდ, 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, ფუნტი , თითქმის, მესამედით გაძვირდა. ექსპერტები მნიშვნელოვან რისკებს პროგნოზირებენ, რომ გლობალური აქციების ფასები მომდევნო რამდენიმე თვეშიც გაიზრდება.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები