სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლმა ცეცხლმოდებული შენობიდან 2 ხანდაზმული მამაკაცი გამოიყვანა და გადაარჩინა, – ინფორმაცია ვრცელდება გვერდზე “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. გამოძახების ადგილას მისულ ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველ ბრიგადას ორსართულიანი შენობის მეორე სართული ცეცხლის ალში გახვეული დახვდა.
“მაცხოვრებელთა უმრავლესობა უსაფრთხო ადგილას იყო გამოყვანილი. შენობის შიგნით დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ შენობის პირველ სართულზე შესვლა სპეც. ეკიპირების გარეშე შეუძლებელი ჩანდა. სამაშველო პროცესში სასწრაფო დახმარების მძღოლიც აქტიურად იყო ჩართული.
როგორც ექიმი მზია გიგაური იხსენებს, ცეცხლმოკიდებული მეორე სართულის ფანჯრიდან ორი ხანდაზმული მამაკაცი შველას ითხოვდა. ბრიგადის მძღოლი ვალერი ძებისოვი მეორე სართულამდე იქვე მდგომი რკინის კონსტრუქციით მაღლა ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევიდა, ორივე ხანდაზმული მამაკაცი ფანჯრიდან სამშვიდობოს გამოიყვანა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ორივე პაციენტის კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია მოხდა და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ვალერი ძებისოვი, ხუთი წელია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია, მის მიერ ჩადენილ საქციელს, გმირობად არ თვლის და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის იბრძოლებს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
გვეამაყება: ექიმი – მზია გიგაური, ექთანი – ნათია ბერიძე, მძღოლი – ვალერი ძებისოვი”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.
მასალის გამოყენების პირობები