მთვარე ადამიანების ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და ამაზე უძველესი დროიდან საუბრობენ. ადამიანები მთვარის ფაზების მიხედვით სამეურნეო საქმეებსა თუ სხვა საკითხებს საგულდაგულოდ გეგმავდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მიდგომა ამართლებდა. მთვარე გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, გრძნობებზე, განწყობასა და განცდებზე. შესაბამისად, ასტროლოგები მუდმივად საუბრობენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სავსე მთვარის, ახალი მთვარის ან სხვა მონაკვეთის პერიოდში, რისი გაკეთებაა რეკომენდებული და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად.
ითვლება, რომ მთვარის ყველაზე იდუმალი ფაზა სავსემთვარეობაა. უძველესი დროიდან სჯეროდათ, რომ ამ ფაზაში ყველა “ბოროტი სული” თავისუფლდება. სავსემთვარეობის დღეებში ადამიანებში აგრესიის დონე იმატებს, რაც ჩხუბსა და კონფლიქტს იწვევს. ამ პერიოდში იმაზე მეტად ფეთქებადი და იმპულსური ხართ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომაც, თუკი მნიშვნელოვან საქმეებსა და მოლაპარაკებებს გადაწყვეტთ, ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დრო მშვიდად გაატაროთ და კონფლიქტურ სიტუაციაში არ ჩაერთოთ. ბევრ ადამიანს სავსემთვარეობის დროს უძილობა აწუხებს, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება კი უმწვავდება. ამ პერიოდში ზედმეტად გადაღლა, ალკოჰოლის მიღება, საშინელებათა ფილმების ყურება და ემოციური ფონის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა რეკომენდებული არ არის. გაისეირნეთ ბუნებაში, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას და დადებითი განწყობა შეიქმენით. სავსემთვარეობის დღეს ჯობს, ახალ, მასშტაბურ პროექტებს არ შეეჭიდოთ და არც რადიკალური ცვლილებები დაგეგმოთ. მომატებულმა ემოციურმა ფონმა შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ.
მზარდი მთვარის პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი დროა იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები გამოიწვიოთ და გეგმები განახორციელოთ. აღნიშნულ დროს, როგორც წესი, უფრო მეტ ენერგიას, მოტივაციასა და შემართებას გრძნობთ. ამიტომაც, თამამად შეგიძლიათ, ახალი საქმეები წამოიწყოთ, ცოდნის გამრავალფეროვნებაზე იფიქროთ, პირად ურთიერთობებში მოაგვაროთ საკითხები, საქმიანი მოლაპარაკებები გამართოთ, იმიჯის ცვლილება გადაწყვიტოთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით. მზარდი მთვარის ფაზა ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე პერიოდშია.
კლებადი მთვარე სიმშვიდის პერიოდია. ეს სავსემთვარეობიდან ახალმთვარეობამდე მონაკვეთია. აღნიშნულ დროს, ჯობს, დაასრულოთ ის საქმეები, რომლებიც უკვე დაწყებული გაქვთ. ამ დროს ენთუზიაზმი და მოტივაცია იკლებს და შესაძლოა, გარკვეული დღეების განმავლობაში უიმედობამ, სევდამაც შეგაწუხოთ. საკუთარ თავს მკაცრად ნუ განსჯით, რადგანაც ეს დროებითი მოვლენაა და ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდება. ამიტომაც, თუკი ახალი პროექტების დაწყება და გეგმების განხორციელება გსურთ, მზარდი მთვარის პერიოდში გააკეთეთ.
კლების ფაზას ახალმთვარეობა ასრულებს. ახალი მთვარის პერიოდი სავსემთვარეობას ძალიან ჰგავს, რადგანაც ამ დროს ადამიანები უფრო მეტად ემოციურები, სევდიანები, დეპრესიულები და სასოწარკვეთილები ხდებიან. იმატებს შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა. ახალმთვარეობის დროს მძიმე ფიზიკური დატვირთვა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის. ჯობს, ეს დრო თქვენს თავს დაუთმოთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. შემდეგ კი რეალობად აქციოთ ის, რაზეც ოცნებობდით.
მასალის გამოყენების პირობები