დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები –
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ერედა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
****
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე – ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის ფონზე, საფოსტო სფერო ვითარდება და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაში.
****
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილიც ესწრებოდნენ.
****
ყველა საარჩევნო უბანზე მაქსიმალური საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სამართალდამცავები საარჩევნო უბნებზე იმ რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, რაც არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვისაა აუცილებელი.
****
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.
როგორც მერმა აღნიშნა, გაზაფხულზე დაიწყება ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
****
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.
****
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გუშნ გვიან ღამით გაუჩნდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე გაჩნდა, სადაც ერთი პირი ცხოვრობს.
ქალბატონი გამოყვანილი იქნა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
****
დღის ამბები -იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ 27 ოქტომბერს გასამართი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.
შეგახსენებთ, შიგერუ იშიბა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ფუმიო კიშიდა შეცვალა.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო, სადაც სამოქალაქო სექტორს საქართველოს კანონი „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ“ გააცნეს.
კანონის შემუშავება ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა და ის მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს.
****
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა.
კალანდარიშვილის განმარტებით, უწყებამ ამის შესახებ ცესკო-ს 8 ოქტომბერს გაუგზავნა განცხადება, სადაც საუბარია რისკებზე, რაც ისრაელში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანს უკავშირდება.
მისივე თქმით, ცესკო საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
****
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა.
დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ.
****
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანსა და ღაზაში 230-მდე სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში 185-მდე „ჰეზბოლას“ ობიექტსა და ღაზაში „ჰამასის“ 45-მდე ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ სარაკეტო გამშვები პუნქტები, იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა განადგურდა.
****
თბილისის მერი, კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
****
გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, აღნიშნულ მისამართზე არსებულ სკვერს შეემატა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორია, რითაც რეკრეაციული სივრცე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 1.5 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განახლებული.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები