დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა წელს, 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიების აღსანიშნად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები და სამეწარმეო მარკეტი. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.
****
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საფეხმავლო ხიდებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სავალი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება. კერძოდ: ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყობა; ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები; დამონტაჟდება ხიდებზე ლითონის მოაჯირები, ასევე, ახალი გარე განათების ქსელი და ლამპიონები. აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
****
„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.
****
11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. „11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება – ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ.” -განაცხადა კალაძემ.
****
ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობენ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ძალები მობილიზებულები არიან ახლო აღმოსავლეთში, რათა აჩვენონ მისი ქვეყნის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მან ასევე პირობა დადო, რომ მოაწყობს კონფერენციას ლიბანელი ხალხისა და მისი ინსტიტუტების მხარდასაჭერად და ისრაელს იქ ოპერაციების რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გააკრიტიკა ირანის ქმედებები, რომელიც, მისი თქმით, მიუღებელია. ამასთან, მან ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
****
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდებათბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
****
მოქალაქეები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი, მოვუწოდებთ მათ არ შევიდნენ შეცდომაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
****
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივითა კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავამ გახსნეს. დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
****
გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 5000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. დღეს, – 2 ოქტომბრის 22:00 საათიდან, 3 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ცოტნე დადიანის ქუჩა 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, დეპოს, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 3 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულება 20:00 საათისვის. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
****
საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი მაასტრიხტში წარადგინეს, რომელიც ევროს დაბადების ადგილად მიიჩნევა. ბანკნოტი, რომლის რაოდენობა ლიმიტირებულია და ხუთი ათას ცალს შეადგენს, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით შეიქმნა. საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. ბანკნოტზე გამოსახულია ქვევრი და დატანილია წარწერა „შენ ხარ ვენახი“.
****
პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები თან არ ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი ვადა აქვს.
****
მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. უახლოეს ხანში მცხეთის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იუსტიციის სამინისტროსათვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 121 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
****
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება. ცნობისთვის, მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“.
****
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს ისრაელში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს, ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს. შეგახსენებთ, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.
****
უკრაინამ ლიბანიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრენა ლიბანიდან პოლონეთში განხორციელდა და ევაკუირებულ ადამიანებს შორის 134 უკრაინის მოქალაქეა, 45 კი სხვა ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, მოლდოვის, ბრაზილიისა და ლიბანის. უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აღნიშნეს, რომ ფრენა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით განხორციელდა.
****
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დაიწყო. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიერნთან. ცნობისთვის, მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.
****
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.
****
2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებლები, მონაწილეობდნენ იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (ASSO DPO) ორგანიზებით გამართულ მე-10 საერთაშორისო კონგრესში, რომელიც მილანში (იტალია) გაიმართა. კონგრესის ფარგლებში ევროპელ პარტნიორებს ქართულმა მხარემ ინფორმაცია წარუდგინა საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების მიმართულებით არსებული პროგრესის თაობაზე, აგრეთვე გააცნეს მონაცემთა დაცვის პლატფორმა. 2025 წლის იანვარში ქართული მხარის ინიციატივით დაიგეგმა მონაცემთა დაცვის გლობალური ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ასევე ევროპელი მონაცემთა დაცვის ოფიცრები. მსგავსი ღონისძიების ჩატარება ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა პროფესიული კორპუსის გაძლიერებას და საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას.
****
საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორის კომისიის წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიში განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. სხდომას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო ჰაბის, საერთაშორისო აღიარებას.
****
შვედეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც მხარს უჭერენ უკიდურესად მემარჯვენე „შვედეთის დემოკრატები“, გამოაცხადა ცხრათვიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში მოწყალების თხოვნა უნდა აიკრძალოს. ახალი რეგულაცია იმ შემთხვევაში ამოქმედება, თუ 9-თვიანი საცდელი ეტაპი აჩვენებს, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება არის შესაძლებელი. ახალ რეგულაციაზე საუბრისას „შვედეთის დემოკრატების“ ლიდერმა, ლინდა ლინდბერგმა გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შვედეთში ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჩადიან. შვედეთის მთავრობის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევს, რომელიც 250 შვედური კრონა ეღირება. იმ პირებს, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ, ჯარიმის სახით 4000 კრონის გადახდა მოუწევთ.
****
2024 წლის ოქტომბერში, სექტემბერის ანალოგიურად მთავრობას საწვავის შესყიდვა გაუიაფდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შესასყიდი ფასი 11-17 თეთრით არის შემცირებული. ამის მიზეზი კი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ბენზინზე ფასები 74.68 დოლარით, ევრო-დიზელზე კი 45.24 დოლარით არის შემცირებული.
****
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები, ორივე ქვეყნის მიმართულებით, კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 საათიდან 09:00 საათამდე, სგპ „ყაზბეგის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით, შეჩერებული იყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.
****
2024 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, დიდი დიღომი (მთლიანი გაყიდვების 21%) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე პოზიციას საბურთალო (15%) იკავებს. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მონაცემების მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. მიმოხილვის თანახმად, ძველი ბინების შემთხვევაში, ლიდერი რაიონი საბურთალოა, რომელსაც მეორე ადგილზე დიდი დიღომი მოსდევს. რაც შეეხება ბინების ფასს, საცხოვრებელი უძრავი ქონება აგვისტოში, ყველაზე ძვირი ვაკესა და მთაწმინდის რაიონში იყო, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულება 2000 დოლარზე მცირედით ნაკლებია. ამასთან, საგრძნობლად გაზრდილია ახალი ბინების ფასი კრწანისში (27%), დიდ დიღომსა (22%) და ნაძალადევში (20%). ძველი ბინების შემთხვევაში კი, ფასის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში (20%).
****
2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. რაც შეეხება ფასებს, პირველი რეისი თბილისიდან პარიზის მიმართულებით 9 აპრილს შესრულდება და მგზავრობის ფასი 119 ევრო იქნება, თუმცა გარკვეულ თარიღებში ფრენის ღირებულება 190 ევროდან დაიწყება და 550 ევროს მიაღწევს. რაც შეეხება პარიზიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრობის საშუალო ღირებულება 120 ევროს შეადგენს.
****
აშშ-ის პორტებმა სექტემბერში კონტეინერების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს. კერძოდ, ტოპ 10 პორტში იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის, 20%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის პორტებმა დასავლელ კონკურენტებს აჯობეს. ლოს-ანჯელესი იმპორტის ყველაზე მნიშვნელოვან პორტად რჩება, შემდეგი კი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტებია. მოცულობის ყველაზე სწრაფი, ანუ 38.4%-იანი ზრდა ოკლენდის პორტმა დააფიქსირა.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები