დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის, მთაწმინდის, სამგორის, საბურთალოს და კრწანისის რაიონებს.
****
გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰ-ნაზარი. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე.
****
„საერთო საჯარო სივრცე“ – აღნიშული თემის ირგვლივ 16-22 სექტემბერს ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს აბდუჯაბარ იუსუფზოდას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს და ტაჯიკეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ტყის მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
****
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მიერ სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. ისრაელის მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ განიხილავს გეგმას ჩრდილოეთ ღაზიდან ყველა მშვიდობიანი პალესტინელის გაყვანაზე, მათ შორის ქალაქ ღაზიდან, რათა “ჰამასის” წინააღმდეგ ალყის ტაქტიკის გამოყენებით აიძულონ ისინი მძევლები გაათავისუფლონ.
****
თბილისის მერი კახა კალაძე პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ვწუხვარ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. ცნობილი მთარგმნელი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, არაერთი პრემიის ლაურეატი გამოაკლდა თბილისს; კაცი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თბილისისა და მისი კულტურისთვის. ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს, მის ახლობლებს, ლიტერატურულ საზოგადოებას და თბილისს!“ – წერს კალაძე.
****
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნნენ და ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ. ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით.
****
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
****
რუსთავი თბილისის მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს – მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარით 70 ავტობუსი შეიძინა, მათგან 20 ქალაქს უკვე ხვალიდან მოემსახურება. მგზავრებს, ძველი რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლემდე გადაიყვანენ. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში ბასლეინზე იმოძრავებენ.
****
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს, – ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“, სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.
****
სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა . შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც მასპინძელი სტუმრებისათვის სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, ტყვია მის მეგობარს მოხვდა. კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პირი დაკავებულია.
****
გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “ქართულ ქარტიას”. ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა. შეგახსენებთ, “ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს. დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.
****
საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს. დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.
****
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა. ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათ ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.
****
სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროში 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული. აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.
****
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება. დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
****
აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო “ბილტმორში” ღონისძიება – „შეხვედრა მშვიდობისათვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ.
****
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს. დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
****
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.
****
ლიბანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან. ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ლიბანში „ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს.
****
თბილისში პარკირებაზე 8 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 11.8 მლნ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 11 836 042 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 11 288 954 ლარი. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 151.273 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 7 თვეში – 140.370 მლნ ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
****
2024 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 312 807 ლარი შეადგინა, რაც 300 399 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, აღნიშნულისთვის 2 613 206 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა. ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.
****
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით 735 ათასზე მეტი პირი სარგებლობს – ამის შესახებ აღნიშნულია სადაზღვევო სექტორის სტატისტიკურ მონაცემებში. ამასთან, ამავე სტატისტიკით, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 19 სადაზღვევო კომპანია ფუნქციონირებდა. საანგარიშო პერიოდში ჯამურად კომპანიების წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შედგინა. სადაზღვევო სექტორში უდიდესი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების თანახმად, 6 თვის მდგომარეობით ქვეყანაში 735 ათასზე მეტი პირი სარგებლობს ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით.
****
პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც, სისხლის ბანკებისთვის შესაძლოა არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრაციის ვალდებულება გადავადდეს. კერძოდ, ცვლილებების პროექტის თანახმად, სისხლის დაწესებულება ვალდებული იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირდეს 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, მაშინ როცა მოქმედი რედაქციით ეს ვალდებულება 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე უჩნდებოდათ. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მხოლოდ 8 ფუნქციონირებს. აღნიშნული დაწესებულებების მიერ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საშუალოდ 95 000 დონაცია, საიდანაც მზადდება 215 000-მდე სისხლის კომპონენტი, რაც სრულად ფარავს ქვეყნის საჭიროებას სისხლსა და სისხლის კომპონენტებზე.
****
ლონდონის საფონდო ბირჟაზე როგორც ერთი კვირის, ასევე თვიურ ჭრილში ქართული კომპანიების აქციების ფასები შემცირდა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. აქციების ფასი ერთ კვირაში 4.41%-ით შემცირდა, ხოლო ბოლო ერთი თვის ჭრილში მონაცემები 9.5%-იან შემცირებას აჩვენებს. „ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.60 – 41.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა“, – აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები