დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -სხვადასხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს, სადაც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მედიკამენტების არ არსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.ამასთან, მოქალაქეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 19 სექტემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მუდმივ პროტესტს დაიწყებენ.
****
უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტია გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში! დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის განგაშია“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას ათობით დრონით დაესხნენ თავს.
****
თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა ევროკავშირის განცხადება – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი გმობს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კონკრეტული შეფასებები არ კეთდება, თუმცა აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები.
****
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ხრესილში გამოჩენილი ქართველი მორაგბის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, გუნდ „აიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და ტყიბულის საპატიო მოქალაქის, როზბერტ ობოლაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა.
1981 წლიდან მოყოლებული, მორაგბის კარიერის დასრულებამდე როზბერტ ობოლაძე ,,აიას’’ უცვლელი კაპიტანი გახლდათ და რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო პირველხაზელად ითვლებოდა.
****
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორის, პაატა ნინუას ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც მან განაცხადა ისინი სარკინიგზო შემთხვევის დროს, ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ატარებდნენ.
ამასთან, განმარტა, რომ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევას სწავლობს და შედეგებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.
****
ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ აგვისტოში ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვეს, ვიდრე რომელიმე სხვა თვეში „ჰამასის“ გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების უმეტესი ნაწილი ლიბანიდან გაისროლეს.
****
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის – WE Finance Code-ისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კოდექსის მიზანი გენდერული ნიშნით მცირე და საშუალო ბიზნესის მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა და მისი გამოყენების ხელშეწყობაა იმგვარი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესი და წვლილი შეიტანონ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.
****
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა.
****
ოზურგეთში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა. მოეწყო 3 ღია კორტი ტრიბუნებით. აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 000 ლარი შეადგინა.
****
უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, დაყრდნობით ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 240-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დმიტრო კულებამ საგარეო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უმაღლეს რადას განცხადებით მიმართა.
****
მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება ორი წლით გადავადდა – კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა.
პარლამენტმა “საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით – 80 ხმით დაამტკიცა.
****
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
****
საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტი 5 სექტემბრის ღამეს დაფიქსირდა, – ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა სერგეი ფროლოვმა განაცხადა.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეო მიუთითებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. ამასთან, ფროლოვს დრონების წარმოშობასა და მათ შესაძლო სამიზნეებზე არ უსაუბრია.
****
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი აქტიურ ფაზაშია. 5 სექტემბრის მდგომარეობით, 25 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან, 12 ათას ტონამდე რქაწითელი, 7.5 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში ყურძნის მოსავლის დაბინავება გურჯაანში, ყვარელსა და თელავში დაიწყება.
****
საქართველოს ბენზინი 9.3%-ით გაუიაფდა. „პლატსის“ მიხედვით, თუ მაისში ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, აგვისტოში 769.73 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 708.93 დოლარამდე შემცირდა.
****
საქართველოში კოსმეტიკის მარეგულირებელი წესები ამოქმედდება. ამის შესახებ, პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.
****
„თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება“, – ამის შესახებ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძე განმარტავს, დედაქალაქში დღე-ღამეში წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი – ქარხნული.
****
მომდევნო ათწლეულში ღვინის მოხმარება შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს.
მილენიალების, ანუ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებული თაობის მიერ ღვინისადმი ინტერესის დაკარგვა ღვინის გლობალურ ინდუსტრიას კატასტროფის საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდები ღვინისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს და სხვა სასმელებს ირჩევენ. მთავარი მიზეზი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები