იტალიაში, სიცილიასთან იახტა Bayesian-ის ჩაძირვის შედეგად დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
როგორც BBC იტყობინება, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს. ცნობილია, რომ მათ შორის არიან: ბრიტანელი მილიარდერი მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილი ჰანა, Morgan Stanley-ს საერთაშორისო ბანკის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე ჯუდი და ფირმა Clifford Chance-ის ადვოკატი კრის მორვილო.
მედიის ცნობით, კრუიზში წასვლა ლინჩის იდეა იყო. მან ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასამართლო დავის მოგების აღნიშვნა გადაწყვიტა. 10 წლის განმავლობაში ბიზნესმენი Hewlett Packard-თან იყო ჩაბმული დავაში, რომელმაც 2012 წელს მისი კომპანია Autonomy იყიდა და ლინჩი საბუთების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამასთან, საქმეზე ლინჩის თანამოპასუხე სტივენ ჩემბერლეინი შაბათს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
უამინდობის გამო იახტის ჩაძირვის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ინციდენტის დროს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 15 ადამიანი, მათ შორის 1 წლის ბავშვი გადაარჩინეს. აღმოჩენილია ერთი კაცის ცხედარიც. გავრცელებული ინფორმაციით, ის იახტაზე მზარეულად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები