ალიენორ აკვიტანიელის ტრაგიკული ისტორია უკვე მრავალი წელია, განხილვის საგანია. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ქალი ტკივილისა და მარტოობისაგან ვერც გარეგნობამ და ვერც კეთილშობილურმა ოჯახმა დაიცვა. მას ყველა შანსი ჰქონდა, ძალიან ბედნიერი ქალი ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა. დიდი, ყავისფერი თვალები და სქელი, წითური თმა ჰქონდა. ხალხმა მას “ოქროს არწივიც” კი უწოდა. დედოფალს საკუთარი სილამაზის საიდუმლოც ჰქონდა, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგოდ იყენებდა – ყოველ დილით სახეს ყინულიანი წყლით იბანდა.
ალიენორი 1122 წელს აკვიტანიის ჰერცოგ უილიამ X-ის ოჯახში დაიბადა. როგორც წყაროებშია მოცემული, მისი უფროსი ძმა მოულოდნელად გარდაიცვალა, ამიტომაც ტახტის მემკვიდრედ ის დასახელდა. 1137 წლიდან კი, როდესაც ალიენორის მამაც გარდაიცვალა, 15 წლის გოგონა ჰერცოგინია გახდა. მალევე საფრანგეთის მეფე ლუი VII-მ ცოლად შეირთო და ალიენორი საფრანგეთის დედოფალიც გახდა.
ჰერცოგინიას მშვიდი ცხოვრება მას შემდეგ დასრულდა, რაც მისმა ქმარმა, ლუიმ, მუსლიმთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობებში წასვლა გადაწყვიტა. დედოფალი სასახლის მართვით დაიღალა და სურდა, ქმართან ერთად საბრძოლველად წასულიყო. ალიენორს საფრანგეთის დიდგვაროვნებმა მხარი დაუჭირეს და ქალი საკუთარ არმიასთან ერთად საბრძოლველად გაემართა.
1146 წელს ჯვაროსანთა არმია აღმოსავლეთით გადავიდა. მაგრამ დედოფალი და მისი მებრძოლი მეგობრები ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მეფე ლუი წინ მიიწევდა, თუმცა მის ლაშქარს უდიდესი დანაკარგი ჰქონდა. ომის საშინელება რომ განიცადა, ალიენორმა ბრძოლა დატოვა და ცოტა ხნით ანტიოქიაში, ბიძასთან დარჩა.
ლუი VII უკვე იერუსალიმს უახლოვდებოდა, როცა გაიგო ჭორი, რომ მისმა ცოლმა ბიძასთან რომანი გააბა. განრისხებული მეფე პარიზისკენ გაემართა და ცოლს სასწრაფოდ განქორწინება მოსთხოვა. თავდაპირველად, საფრანგეთის ეკლესია წინააღმდეგი იყო. ამიტომ, მეფემ შემდეგი პირობა წამოაყენა – თუ დედოფალი ბიჭს გაუჩენდა, მაშინ ქორწინება გადარჩებოდა. ხოლო, თუ ქალი 5 წლის განმავლობაში არ დაორსულდებოდა ან გოგონას გააჩენდა, მაშინ განქორწინება გარდაუვალი იქნებოდა. 1151 წელს მათ ქალიშვილი, ალისა, შეეძინათ და პირობის შესაბამისად, 15-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ. ალიენორმა დედოფლის სტატუსი დაკარგა, მაგრამ ის აკვიტანიის ჰერცოგინიის სტატუსს მაინც ინარჩუნებდა.
როგორც ცნობილია, დედოფალს ქმარი არ უყვარდა, ამიტომაც დაშორებიდან 2 თვის შემდეგ შემცვლელი მარტივად იპოვა. მისი მეორე რჩეული ინგლისის ტახტის მემკვიდრე, ჰერცოგი ჰენრი იყო. ალიენორი მომავალ მეუღლეზე 10 წლით უფროსი იყო. თუმცა, ქალს გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა და ეს სხვაობა შესამჩნევი არ ყოფილა.
დაქორწინებიდან 2 წლის შემდეგ ჰენრი ინგლისის მეფე გახდა, ალიენორი კი – კვლავ დედოფალი. დედოფალს ვაჟი, სახელად უილიამი შეეძინა. ვინაიდან წინა ქორწინებაში ვაჟის არდაბადება განქორწინების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა, მალევე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ პრობლემა საფრანგეთის მეფეში იყო. ინგლისის დედოფალმა მეუღლესთან 15-წლიანი ქორწინების პერიოდში ხუთი ბიჭი და სამი გოგონა გააჩინა. თავდაპირველად, ინგლისის მეფე მეუღლეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა. თუმცა, ჰენრი მეორემ ნელ-ნელა ცოლის გარეგნობითა და ხასიათით აღფრთოვანება შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 8 შვილი შეეძინათ, საბოლოოდ დაშორება გარდაუვალი აღმოჩნდა. 1167 წელს ალიენორმა უკანასკნელი ვაჟი, ჯონი, გააჩინა და სიყვარულის ძებნა ქორწინების მიღმა დაიწყო. მან “სიყვარულის ეზო” შექმნა, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ და 50 წელს გადაცილებულ დედოფალს ადიდებდნენ, პოეზიის საღამოებს, ღონისძიებებს აწყობდნენ. ვიდრე მეუღლეს დაშორდებოდა, მისმა ქმარმა არაერთი პარალელური რომანით გაითქვა სახელი, რაც ალიენორისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.
თუმცა, ქორწინება საბოლოოდ ორი რადიკალური მიზეზით დაიშალა. 1169 წელს ალიენორი აკვიტანიას ეწვია და გაიგო, რომ მისმა ქმარმა მისი მშობლიური მიწების ნახევარი ისე გაასხვისა, მისი გამოსყიდვის საშუალება არ ჰქონდა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები