პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პაპუაშვილი თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას.
თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული ფლაგმანი, რომელმაც ვერაგ ინფექციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. COVID 19-ის პანდემიის დროს კი ახლოს გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მის ყოველ გამოჩენას ჩვენთვის მაშინ მოჰქონდა განსაკუთრებულო სიმშვიდე და იმედი, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.
ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები