რა შეიცვალა ლაშა ბექაურში წინა ოლიმპიადიდან დღემდე, – ჩემპიონმა “შუადღეში” იმ შეგრძნებებსა და გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც, 3 წლის წინ, ოლიმპიური მედლის მოპოვებით მიიღო.
სპორტსმენი ფიქრობს, რომ ახლა უფრო მეტად ჩამოყალიბებულია და მეტად მზად არის ოლიმპიური თამაშებისა და გამარჯვებისთვის.
“ვფიქრობ, გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც ძიუდოისტი. ახალა უფრო მეტად ჩამოყალიბებული ვარ ძიუდოში და მეტად მზად ვარ ოლიმპიური თამაშებისა და გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
მისი თქმით, წინა ოლიმპიადაზე იმდენად რთული ტრავმით მოუწია მონაწილეობა, უკვირს, როგორ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.
“იმ მომენტში, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები, თითქოს ღმერთთან რჩები მარტო. ისეთი დიდი მწვერვალია, რომ რაც გამოიარე, რა ფიქრებიც გქონდა, რა შრომაც ჩადე, ამ ყველაფერ აანალიზებ და თითქოს, ღმერთთან საუბრობ, რომ შეძელი ეს ყველაფერი, – საოცარი გრძნობაა”, – განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებს და მომავალშიც დაიპყრობს მწვერვალებს.
“სულელი უნდა იყო, რომ გაჩერდე და ელემენტარულით დაკმაყოფილდე. ვიცი, ბევრის გაკეთება და მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიცემა შემიძლია. მინდა, რომ ერთ-ერთი დიდი ქართველი ვიყო იმ ქართველებიდან, რომლებიც ჩვენს ისტორიას ჰყოლია და მჯერა, რომ ამას გავაკეთებ”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
მასალის გამოყენების პირობები