ნინი ოქროპირიძე წარმატებული ქართველი ბოდიბილდერია. მიუხედავად ამ სფეროში არსებული ბევრი პრობლემისა, ნინი ახერხებს მისი სპორტული კარიერა წინ წავიდეს. ცოტა ხნის წინ მან თავისი გულშემატკივრები ჩემპიონობით გაახარა.
ნინი ოქროპირიძე: 2022 წლიდან მოყოლებული აქამდე ჩემპიონი არ ვყოფილვარ. ყოველ ჯერზე ვიცე-ჩემპიონი ან მესამე ადგილოსანი ვხდებოდი. შესაბამისად, ახლა ძალიან გახარებული ვარ – შრომა დამიფასდა და ბიკინის კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამ შედეგის მიღწევას ორი წელი ვცდილობდი.
– როგორ ემზადებოდით ამ შედეგისთვის?
– ისეთი პერიოდებიც იყო, როცა ამ ყველაფერზე საერთოდ გული მქონდა აცრუებული და იყო პერიოდები, როდესაც ძალიან მოტივირებული ვიყავი. რა თქმა უნდა, სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. ცხოვრებისეული მომენტები, ყოველდღიური სტრესი – ყველაფერი ახდენს გავლენას. კვების მხრივ ცალკე სირთულეებია – უნდა იცხოვრო, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, მაგრამ უნდა იკვებო არაჩვეულებრივად. ბევრი სირთულის ფონზე მოვედი ამ შედეგამდე. ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფრის გადალახვა შევძელი და ეს შედეგი დავდე.
– რა იყო დემოტივაციის მიზეზები?
– პირველ რიგში, რუტინა. როცა მოსამზადებელი პერიოდი გაქვს, ისეთი დატვირთული და მძიმე რუტინით გიწევს ცხოვრება, რომ ძალიან ძნელია გაუმკლავდე. ელემენტარული, მეგობრებთან ერთად გასართობად გასვლაც კი შეუძლებელია. მხოლოდ სამსახური და სახლი, მუდმივად ამ რეჟიმით ცხოვრება კი ძალიან რთულია. ამას დამატებული განსაკუთრებული კვება, დიდი ფიზიკური დატვირთვა და ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, შესაბამისად, განწყობა გეცვლება.
– როგორი კონკურენცია იყო წელს, ელოდით გამარჯვებას?
– გამარჯვებას არასდროს ველოდები. ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაქსიმუმიც რომ გავაკეთო, მაინც ასეა. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ბევრი გამოცდილი, ბევრი კი ახალი გოგო იღებდა მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კიდევ უფრო საამაყოა.
– თქვით, 2022 წლიდან ვცდილობ ამ შედეგის მიღწევასო. რა ხდებოდა მანამდე?
– მანამდე ამ სპორტში მხოლოდ მოხალისე ვიყავი. ვვარჯიშობდი, მაგრამ სპორტსმენისთვის დამახასიათებელი დისციპლინით არ ვიკვებებოდი. ფიზიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი, სამოყვარულო დონეზე სპორტითაც ვიყავი დაკავებული და ჩემს ფიზიკურ ძალასა და მებრძოლ ხასიათს ყველა ხაზს უსვამდა. ძალიან დიდი ნებისყოფა და გამძლეობის უნარი მაქვს. დანებება არ მჩვევია, დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო.
ბოდიბლდინგით პროფესიონალურ დონეზე 2018 წელს დავინტერესდი და ცხოვრება ამ სფეროს დავუკავშირე. როგორც ვთქვი, მანამდეც ვვარჯიშობდი, მაგრამ სხვა პრიორიტეტები მქონდა და შეიძლება, ნახევარი წელი ისე გასულიყო, რომ დარბაზს არ გავკარებოდი.
– სხვა პრიორიტეტებში რა იგულისხმება?
– სწავლა და სამსახური. ზოგადად, სპორტული თვალსაზრისით ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი. დავდიოდი ტანვარჯიშზე, ვცეკვავდი, მაგრამ პროფესინალურად ვერცერთს ვერ გავყევი. მოგეხსენებათ, ოჯახს დიდი გავლენა აქვს ბავშვზე და რადგან ჩემი ოჯახი პრიორიტეტს განათლებას ანიჭებდა, სპორტული აქტივობების შეწყვეტა მომიწია. ვცდილობდი, კავშირი სამუდამოდ არ გამეწყვიტა და პერიოდულად სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, მაგრამ უნივერსიტეტისა და სამსახურის პარალელურად, საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო სპორტისთვის.
18 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. ბევრნაირი სამსახური გამოვიცვალე, პროფესიით პროგრამისტი ვარ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ დღეს საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემთვის პრიორიტეტი მაინც სპორტია და მას დავუბრუნდი.
– ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– ოჯახში მე, დედა და ძმა ვართ. დედა თავიდან არ იყო მაინცდამაინც კარგად განწყობილი, მაგრამ რომ ნახა, ყველაფერს მთელი გულით ვაკეთებდი და მართლა ძალიან მიყვარდა სპორტი, ყველანაირად გვერდში დამიდგა. ახლა ყველა ჩემს შეჯიბრებას ესწრება და ყოველთვის ამაყია ჩემი შედეგებით. თამამად ვიტყვი, რომ ის დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ძმაც მაქსიმალურად ცდილობს, ჩემ გვერდით იყოს და მხარი დამიჭიროს.
– რატომ ბოდიბილდინგი?
– თავიდან არ ვიყავი მაინცდამაინც ბოდიბილდინგით დაინტერესებული, მაგრამ ესთეტიკურად ლამაზი სხეული ყოველთვის მომწონდა როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში. გამოკვეთილი ფორმები, რელიეფი, თანაბრად განვითარებული კუნთები, პროპორცია – ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი იყო ჩემთვის. მესმოდა ხოლმე კომპლიმენტები იმის შესახებ, რომ ძალიან მოვუხდებოდი ამ სპორტს და მეც დამაინტერესა. ვიფიქრე, რატომაც არა?! არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გადამედგა შესაბამისი ნაბიჯები, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით და როცა ცოტა მოვძლიერდი, ეს მერე გავაკეთე. ისედაც ამ სფეროში ვიყავი და მივხვდი, რომ ბოდიბილდინგი კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დამეხმარებოდა, ეს ჩემთვის ერთგვარი რეკლამაც იქნებოდა, როგორც პირადი მწვრთნელისთვის, ამიტომ გავრისკე. რეალურად სარისკო არაფერი ყოფილა და კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, არცერთი წამით არ ვნანობ. ნახეთ სრულად