ონში „ფეა თრიიზის” მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. ამ საკითხზე ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.
გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს.
კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა.
ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გასაჯაროვება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება“, – ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ფონდში.
აღსანიშნავია, რომ ფონდი „ფეა თრიიზის” ბორდის წევრია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი გააჩერა.